
კომერსანტი: თბილისი მოსკოვთან ურთიერთობების აღსადგენად მოლაპარაკებებს მართავს
პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტების დამყარებას შუამავლების საშუალებით, წერს რუსული გაზეთი ”კომერსანტი” 23 დეკემბერს.
შუამავლის როლში გამოდის რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია, რომელმაც განუცხადა ”კომერტსანტს”, რომ იგი პრეზიდენტ სააკაშვილს ნოემბერში შეხვდა მიუნჰენში.
”მე ცოტა ხნის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს,” – განუცხადა ხუბუტიამ გაზეთს. ”მასთან კითხვები მქონდა იმ ქართველ დევნილთა პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, რომლებიც ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რომელთა ვიზებიც ამოიწურა და არსად აქვთ წასასვლელი. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხები”.
კითხვაზე პრეზიდენტ სააკაშვილსა და ხუბუტიას შორის სავარაუდო შეხვედრდის თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა Civil.Ge-ს განუცხადა: ”ასეთი ინფორმაცია არ გაგვაჩნია”.
ხუბუტიამ ასევე განუცხადა ”კომერსანტს”, რომ მას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მზად არის მოსკოვთან კონტაქტებისთვის.
”როგორც მომეჩვენა, იგი იმედგაცრუებულია, რომ საქართველომ ვერ მიიღო MAP და რომ მან ვერ მიიღო შესაფერისი მხარდაჭერა ევროპიდან,” – განაგრძო ხუბუტუამ. ”მისი გაგება რუსეთთან დიალოგის საჭიროების თაობაზე აშკარად მომწიფდა. რუსეთი უფრო ბრძენი უნდა გამოდგეს და დაეხმაროს მას [სააკაშვილს]. მიმდინარეობს მუშაობა”.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა სექტემბერში: ”ჩვენთვის საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი გაბანკროტებულია. ჩვენს თვალში პრეზიდენტი სააკაშვილი აღარ არსებობს. იგი პოლიტიკური გვამია”.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა დეკემბრის დასაწყისში, რომ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია, სანამ რუსეთს სოხუმსა და ცხინვალში საელჩოები ექნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ ”არსებულ პირობებში რუსეთთან ნორმალური და სრულმასშტაბიანი ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია”. თუმცა, მან იქვე დასძინა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას: ”ნუ გაგიკვირდებათ, თუ იქნება რაიმე კონტაქტები სხვადასხვა საუწყებო დონეზე”.
ამჟამად, საქართველო და რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში მართავენ მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებებზე შუამავლების როლში გამოდიან ევროკავშირი, ეუთო და გაერო.
პირდაპირი კონტაქტები ასევე გაიმართა ორ ქვეყანას შორის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შუამავლობით, როდესაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 9 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მიესალმება ეკლესიის მცდელობებს და აღნიშნა, რომ პატრიარქმა მისი გზავნილი გადასცა რუსეთის პრეზიდენტს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)