ახალი ამბები

დავითაია ”კავკასიის” ეთერში გასულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავჯდომარემ, დეპუტატმა პაატა დავითაიამ  განაცხადა ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერით გასული მისი განცხადების კომენტირებისას, რომ მისი ციტატა ”კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი”.

”კავკასიის” ჟურნალისტთან კამერის წინ კერძო საუბრისას პაატა დავითაია აცხადებს, რომ ”ომი დაიწყეს ამათმა, რა უნდა გაარკვიონ, დაიწყეს იმის გამო, რომ მთელი ამ წლის განმავლობაში პოლიტიკა იყო არასწორი, მორჩა”. სიუჟეტიდან ჩანს, რომ დავითაია ჟურნალისტს ესაუბრება, თუმცა ოფიციალურ ინტერვიუს არ აძლევს.

”ომის საუბრის კონტექსტი ეხება შეიარაღებული ძალების შესვლას ქალაქ ცხინვალში, რაც საქართველოს პრეზიდენტმა [კომისიის წინაშე გამოსვლისას] დაადასტურა და რაც ასახულია [კომისიის] დასკვნაში და ამ კონტექსტში იყო ნათქვამი ომის დაწყება”, – განმარტა დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე პაატა დავითაიამ. ”ჩვენ დასკვნაში ავსახეთ, რომ ეს იყო თავდაცვითი ომი, და მე ვიგულისხმე ის, რაც პრეზიდენტმა აღიარა – ცხინვალში შესვლა”.

დავითაიამ ჟურნალისტთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ აგვისტოს მოვლენები არასწორი სახელმწიფო პოლიტიკით იყო გამოწვეული.

დღევანდელ პრესკონფერნციაზე მან დაადასტურა, რომ  დღესაც ამ აზრზეა, ”მაშინ თუ ვეთანხმებოდი ამ პოლიტიკას, ვიქნებოდი უმრავლესობაში და არა უმცირესობაში”. 

დროებითმა საპარლამენტო კომისიამ 18 დეკემბერს საბოლოო დასკვნა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომელიც პარლამენტმა 19 დეკემბერს ცნობად მიიღო და კენჭი უყარა. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button