
რუსეთის საგარეო უწყება პერევზე კომენტარს აკეთებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 19 დეკემბერს, რომ რუსული ძალები ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ სოფელ პერევში, რათა თავიდან აეცილებინათ ქართული ძალების შეყვანით გამოწვეული დაძაბულობის ესკალაცია.
რუსულმა ძალებმა 13 დეკემბერს მოხსნეს თავიანთი საგუშაგო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ პერევში და სოფელი დატოვეს, თუმცა რამდენიმე საათში უკანვე დაბრუნდნენ.
19 დეკემბერს გავრცელებულ პრეს-რელიზში რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პერევის ”გეოგრაფიული ადგილმდებარეობის სპეციფიკის” გათვალისწინებით, საჭირო იყო სამხრეთ ოსეთის საზღვრის ზუსტი განსაზღვრა.
”როგორც ეს შეთანხმდა რუსეთი-ევროკავშირის სამიტზე ნიცაში, ამგვარი სამუშაო ჩატარდა, და ამის შემდეგ რუსულმა შენაერთებმა დატოვეს პერევის საგუშაგო,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ. ”თუმცა, ამის საპასუხოდ საქართველოს ხელმძღვანელობა ახალ პროვოკაციაზე წავიდა, შეიყვანა რა პერევში სპეცრაზმელები (120 მებრძოლზე მეტი, მძიმე შეიარაღებით), რითიც უხეშად დაარღვია მედვედევი-სარკოზის შეთანხმება და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატი, რომლის მიზანიცაა უზრუნველყოს საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ზონის მილიტარიზაციის აღკვეთა. ქართული სპეცრაზმის შეყვანას თან ახლდა პროპაგანდისტული პიარი უცხოელი კორესპონდენტების მოწვევით. ამით შეიქმნა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს საზღვარზე სიტუაციის მკვეთრი დესტაბილიზაციის საფრთხე”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იგი განაცვიფრა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის განცხადებამ ამ საკითხზე, რომელმაც სინანული გამოთქვა რუსეთის ქმედებების გამო პერევში.
საქართველოს საგარეო უწყებამ ამის საპასუხოდ განაცხადა 19 დეკემბერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ”ცინიკურია” და ”საბჭოური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების სულისკვეთებითაა” გაჟღენთილი.
”რუსეთი უტიფრად ცდილობს თეთრის შავად წარმოჩენას და არსებული დაძაბულობის გამომწვევი მიზეზების საქართველოზე გადმობრალებას,” – განაცხადა მან.
This post is also available in: English Русский