ახალი ამბები

ვაშაძე იზიარებს დავითაიას კომისიის დაკვნას საგარეო უწყებაში ხარვეზების თაობაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ეთანხმება აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის იმ ნაწილს, სადაც გარკვეული შენიშვნებია გამოთქმული საგარეო უწყების მიმართ.

”მე ყურადღებით წავიკითხე დასკვნა, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ეხება და ჩვენ ალბათ უნდა დავეთნხმოთ იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა გათვალისწინებული ასეთი ექსტრემალური სიტუაცია და არ იყო მომზადებული ის ინსტრუქციები, რომელიც ასეთი სიტუაციებისთანავე საელჩოებს უნდა წაეკითხათ და შემდეგ ეს ინსტრუქციები შეესრულებინათ”, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ”ძალიან ბევრი გაკვეთილია, რაც ჩვენ აგვისტომ გვასწავლა და სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ და ეს ხარვეზები გამოვასწოროთ”.

მინისტრის თქმით, სამინისტროში უკვე დაწყებულია ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი მუშაობა.

კომისიამ, რომელმაც საბოლოო დასკვნა 18 დეკემბერს გამოაქვეყნა, სხვა უწებებთან ერთად აღნიშნულია შენიშვნები საგარეო პოლიტიკის მართვის მიმართულებით. კომისიამ დაადგინა, რომ არ არსებობს ელჩებისათვის საგანგებო სიტუაციებში მოქმედების სპეციალური გეგმა და წერილობითი ინსტრუქცია. აქვე კომისია რეკომენადციით მიმართავს საგარეო უწყებას – შემუშავდეს კრიზისის დროს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მოქმედებების ინსტრუქციები და ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს დიპლომატიურ სამსახურში კვალიფიციური ადამიანიური რესურსების მოზიდვას.

This post is also available in: English Русский

Back to top button