skip to content
ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზე საუბრობს

დეკემბრის ბოლოს წლიური ინფლაცია 8% იქნება, ”ან შეიძლება უფრო ნაკლებიც”, განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა დეპუტატებს 18 დეკემბერს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ინფლაციის დონე 7% იქნება. ბიუჯეტის პროექტის საპროგნოზო მაჩვენებლებით, მშპ 4% იქნება, რაც 21.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

გილაურის თქმით, ბიუჯეტის პროექტის მთავარი პრიორიტეტები იქნება ”ეკონომიკის სტიმულირება”, რომელიც, მისი თქმით, ამჟამად ორმაგი დაწოლის ქვეშ იმყოფება – ეს არის აგვისტოს ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი – და სოციალური დახმარების პროგრამების გაძლიერება.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ თითქმის გააორმაგა სოციალური და ჯანდაცვის სფეროების დაფინანსება 2006 წელს არსებული 813 მილიონი ლარის შემდეგ.

მან ასევე განაცხადა, რომ 2009 წლიდან მთავრობა კიდევ ამცირებს გადასახადებს და პარტრიონებთან, კერძოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან,  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს განიხილავს, რაც დაეხმარება საქართველოდან საქონლის ექსპორტისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

”თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეალისტური გახდა,” – განაცხადა გილაურმა პარლამენტის ნახევრადცარიელ დარბაზში. ”ეს ასევე დაეხმარება მეზობელი ქვეყნებიდან კომპანიების მოზიდვას, რადგანაც მათ ექნებათ სტიმული აქ გახსნან საწარმოები და თავიანთი პროდუქცია საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიტანონ. ამრიგად, ამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია საქართველოში გარკვეული ტიპის ფანჯრის შექმნა, რომლის საშუალებითაც უფრო ადვილი გახდება საქონლის გატანა აშშ-ში”.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button