skip to content
ახალი ამბები

საქართველოს “რეკომენდაციები” ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის მიმართ

მისიის ხელმძღვანელი ჰეიდი ტალიავინი და მისი ორი მოადგილე – უვე შრამი (მარცხნივ) და მარიან შტაჟევსკი (მარჯვნივ) თავდაცვის სამინისტროში შეხვედერის დროს. ფოტო: ინტერპრესნიუსი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ თბილისის სურვილია, რომ ევროკავშირის საგამოძიებო კომისიამ მუშაობის დროს რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხები გაითვალისწინოს.

”რამდენიმე რჩევა ან თხოვნა, რეკომენდაცია ჩვენის მხრიდან იყო გამოთქმული,” – განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს კომისიის ხელმძღვანელთან ჰეიდი ტალიავინისთან შეხვედრის შემდეგ 16 დეკემბერს. ”პირველი ის რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იზოლირებულად რუსეთის აგვისტოს აგრესიის განხილვა; საერთოდ ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ იმ ფართო სპექტრში რაც ხდებოდა 90-იან წლების დასაწყისიდან, იმიტომ რომ საქართველო იმყოფებოდა მუდმივი ომის პირობებში და რუსეთ ეს ომი გადაჰყავდა ხან რემისიაში ან პირიქით ცხელ ფაზაში”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ მნიშვნელოვანია ”მიუკერძოებელი პოზიციის შემუშავება … მოვლენების ზუსტი თანმიმდევრობის შესახებ, 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული”.

”მეორე რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კომისიამ ყურადღება არ მიაქციოს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში,” – განაცხადა ვაშაძემ.

2 დეკემბერს ევროკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ”შემსწავლელი მისიის” შექმნას, რომელიც კონფლიქტის წარმოშობასა და მიმდინარეობას გამოიძიებს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის საფუძველზე და ”ამ კონტექსტში გაკეთებული ბრალდებების ფარგლებში”. მისი თქმით, მისიის გამოძიების გეოგრაფიული და დროის  არეალი უნდა იყოს საკმარისად ფართო, რათა დადგინდეს ყველა შესაძლო მიზეზი.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარის სურვილია, რომ კომისიამ აუცილებლად გამოითხოვოს აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შედეგები. კომისიას, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა ”რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია”, სულ მალე ხელისუფლების წარმომადგენლების ჩვენებების საფუძველზე საბოლოო დასკვნას მოამზადებს.

გრიგოლ ვაშაძემასევე განაცხადა, რომ თბილისს ასევე სურს, რომ კომისიის წევრები შეხვდნენ დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს და ”აუცილებლად გაესაუბრონ” სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს.  

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კომისია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. მას ჰყავს მხოლოდ თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე. კომისიაში შევა სულ ცოტა ათი ”აღიარებული ექსპერტი”, მათ შორის ისტორიკოსები, სამხედროები, იურისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები.

ვაშაძის თქმით, ტალიავინის ვიზიტს მოსამზადებელი ხასიათი აქვს. ”არც თუ ისე მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მათი მიზანი, როგორ სახის მოხსენება უნდა დადონ, როგორი სახის იქნება მათი მუშაობა, ფაქტების დადგენა და ა.შ.,” – დასძინა ვაშაძემ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button