ქრისტიან-დემოკრატები ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფორმირების ინიციატივით გამოდიან
დეპუტატებმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან 8 დეკემბერს განაცხადეს, რომ საჭიროა ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფორმირება მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა ქრისტიან-დემოკრატებიდან განაცხადა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე, რომ დღეს მოქმედ ეროვნული უშიშროების საბჭოს არ გააჩნია საკმარისი შესაძლებლობები უწყებათაშორისი თანამშრომლობის პროცესის წასამართად.
ლალიაშვილმა, რომელიც აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრია, ასევე განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს უნდა დაემატოს დირექტორთა კომისია – დეპარტამენტის უფროსების დონეზე; სამუშაო ჯგუფი ექსპერტების დონეზე და ასევე, სისტემის მუშაობაში უნდა ჩაერთოს პარლამენტიც. კერძოდ, კომისიასა და ჯგუფში პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებმა, კომიტეტების აპარატის უფროსებმა და აპარატის სპეციალისტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. ლალიაშვილის თქმით, ამგვარი მიდგომა გაზრდის კოორდინაციას შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის.
ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ მას შემდეგ გაახმოვანა ინიციატივა რეფორმირების თაობაზე, რაც გავრცელდა ინფორმაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას შეცვლის და მის დიპლომატიურ სამსახურში შესაძლო გადასვლის თაობაზე. ჯერჯერობით არ გაკეთებულა ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ შეცვლის ლომაიას. მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება, რომ ეს ადგილი შეიძლება ან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ ან ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა დაიკავოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)