სააკაშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ”ახალი სისხლი” და ”გაბედული და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაა” საჭირო.
პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილთან შეხვედრის დროს, რომელიც 5 დეკემბერს გვიან საღამოს პირდაპირ ეთერში გადაიცა, სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებების შესახებ მსჯელობა ”ბოლო რამდენიმე კვირის” განმავლობაში მიმდინარეობდა.
მთავრობაში ბოლო საკადრო ცვლილებები 1 ნოემბერს გატარდა.
”თქვენი მუშაობის მიმართ ხალხში ზოგადი სიმპათია უკვე გაჩნდა,”- განუცხადა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ეს პოსტი 1 ნოემბერს ჩაიბარა, ”საზოგადოებაში იყო და ახლაც არის შემდგომი ცვლილებების მოლოდინი”.
”ჩვენ ახლა მსოფლიო კრიზისის და რუსული აგრესიის შედეგების ორმხრივი და ორმაგი წნეხის ქვეშ ვიმყოფებით და მართლაც აუცილებელია გაბედული და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. კარგია, რომ მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ბევრი იფიქრეთ. დამემოწმებით, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას მთავრობას სრული ავტონომია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ამაზე პრეზიდენტიც აგებს პასუხს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს საკუთარი განკარგვის სფეროებში სრული ავტონომია და დამოუკიდებლობა ჰქონდეთ. სხვათა შორის, კმაყოფილებით აღვნიშნავ იმასაც, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვმსჯელობდით და სხვადასხვა ვარიანტს ვამუშავებდით. ბოლო რამდენიმე დღე სხვადასხვა კანდიდატურებთან კონსულტაციაში გავატარე. ეს პირველი შემთხვევაა, რომ ამ ცვლილებების თაობაზე პრესაში ინფორმაციამ არ გაჟონა. ეს იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ერთმანეთს ვეკითხებით და ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ, მეორე მხრივ, შეგვიძლია კოორდინირებულად მუშაობა, რათა ამ თემაზე ყოველგვარი სპეკულაცია და ინტრიგები გამოირიცხოს,”- განაცხადა პრეზიდენტმა.
”გააგრძელეთ დაკვირვება,”- მიმართა მან პრემიერს, ”ნახეთ ვინ როგორ იმუშავებს. ერთი მხრივ, ადამიანი საკუთარი შედეგებით ფასდება – თუ კარგად მუშაობს, უნდა წავახალისოთ, ხოლო თუ ცუდად მუშაობს, მას ვერ შევინახავთ”.
”მეორე მხრივ, არც ერთი ადამიანი, რომელიც თანამდებობიდან წავიდა, ნამდვილად არ არის გადასაგდები. ეს ძალზე დიდი დამსახურებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხალხია და ისინი სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე უნდა გამოვიყენოთ,”- აღნიშნა იმავდროულად პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)