რესპუბლიკელები, მემარჯვენეები ირაკლი ალასანიასთან კონსულტაციებს ადასტურებენ
რესპუბლიკური პარტიისა და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ აწარმოებენ პარტნიორობაზე კონსულტაციებს ირაკლი ალასანიასთან, თუმცა აცხადებენ, რომ ჯერ ”ნაადრევია” საუბარი მის პოლიტიკურ ლიდერად გამოცხადებაზე.
ირაკლი ალასანიამ გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობა დღეს დატოვა.
”გარკვეული კონსულტაციები გვქონდა ირაკლი ალასანიასთან,”- განუცხადა 5 ნოემბერს ახალ მემარჯვენეების წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ Civil.ge-ს, ”ვთვლით, რომ ის პოზიტიური პოლიტიკური რესურსის მატარებელია და ხელისუფლებიდან წამოსულ ადამიანებს შორის ერთადერთი მისაღები ფიგურაა სათანამშრომლოდ. ამგვარი თანამშრომლობისთვის საკმაო საფუძველი არსებობს, რადგან სააკაშვილის ხელისუფლების სერიოზული ალტერნატივის საჭიროება დგას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად და ტერიტორიული პრობლემების მოსაგვარებლად”.
რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა თავი შეიკავა ალასანიასთან შესაძლო ალიანსზე დეტალური საუბრისაგან, თუმცა Civil.ge-თან საუბარში აღნიშნა, რომ ”ის [ალასანია] ჩამობრძანდება თბილისში და თავისი გადაწყვეტილებებისა და გეგმების შესახებ თავად ამცნობს საზოგადოებას”.
უსუფაშვილმა, ისევე როგორც ფიქრია ჩიხრაძემ, განაცხადა, რომ რესპუბლიკელებისა და მემარჯვენეების ალიანსზე მოლაპარაკებები უკვე ფინალურ ეტაპზეა.
”სავარაუდოდ, უკვე მომავალი კვირის დასაწყისში ჩვენ ორპარტიული ალიანსის შექმნის შესახებ გამოვაცხადებთ,”- განაცხადა ჩიხრაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)