ახალი ამბები

ლავროვი ეუთოს საქართველოს გამო აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 5 დეკემბერს ჰელსინკში ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას, რომ ორგანიზაცია თავის ძირითად ფუნქციებს ვერ ასრულებს.

”თუ 90-იანი წლების დასაწყისში ორგანიზაციას შეეძლო ომების შეჩერება, ახლა მას არა მხოლოდ არ შეუძლია ამის გაკეთება, არამედ ძალის არასანქცირებულ გამოყენებაზე რეაგირებასაც კი ვერ ახდენს,” – განაცხადა ლავროვმა. ”მოდით, გავიხსენოთ 1999 წელი, როდესაც იუგოსლავია იბომბებობა თითქმის სამი თვის მანძილზე ან სამხედრო თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე. სამწუხაროდ, ეუთომ ვერ შეძლო სწორი შეფასების გაკეთება, რომელიც უნდა დაფუძნებოდა წევრი სახელმწიფოების ფაქტებს და ვალდებულებებს”.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ორგანიზაციის ”დასუსტების” წინააღმდეგია და ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ტრანს-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების შესახებ ახალი სავალდებულო პაქტის მომზადების საჭიროებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აგვისტოს მოვლენებმა მოიტანა იმის საჭიროება, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ”ინფორმაციის გაცვლას ეუთოს შიგნით და ”ფილტრების” არსებობას, რაც მას [ინფორმაციას] მხოლოდ წევრი სახელმწიფოების ნაწილისთვის ხდის ხელმისაწვდომს”.

”ჩვენ განსაკუთრებით ვართ შეშფოთებული მედიის ინფორმაციის გამო იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის წინ ადგილზე ეუთოს დამკვირვებლები იტყობინებოდნენ თბილისის [სამხედრო] მზადების შესახებ, თუმცა მათი ინფორმაციები, რაღაც მიზეზების გამო, არ მიეწოდა ყველა წევრ სახელმწიფოს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ვიმედოვნებთ, რომ ამასთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი შიდა გამოძიება,” – განაცხადა ლავროვმა.

თავის გამოსვლაში ლავროვმა კვლავ გააკრიტიკა ”ეუთოს წევრი ზოგიერთი სახელმწიფო” საქართველოს სამხედრო პოტენციალის აღდგენაში დახმარების გამო.

”ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე რუსეთი აყენებდა საკითხს იმ საფრთხეზე, რასაც შეიცავდა საქართველოსთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება,” – განაცხადა ლავროვმა, ”ახლა, აგვისტოს მოვლენების მწარე გაკვეთილების შემდეგ, კვლავ ისმის ხმა ეუთოს ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში საქართველოსთვის მასიური სამხედრო დახმარების აღმოჩენის და მისი სამხედრო შესაძლებლობების სწრაფი აღდგენის თაობაზე. ისევ მოვუწოდებთ ყველას სერიოზულად მოეკიდონ ჩვენს გაფრთხილებას და მტკიცედ დაიცვან ეუთოს შესაბამის დოკუმენტებში ასახული ვალდებულებები. ჩვენ შემდგომშიც დავაყენებთ ამ საკითხს, მათ შორის [ეუთოს] უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმზე”.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ ”გაზის მიწოდება შეუწყვიტა სამხრეთ ოსეთს. ამგვარი ქმედება ვერ შეფასდება სხვაგვარად, თუ არა არაჰუმანური ქმედება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წინ ზამთარია”. ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაზის მიწოდების პრობლემა უკავშირდება რეგიონში გაზის სადისტრიბუციო ქსელში პრობლემებს, რომელიც აგვისტოს ომის შედეგად დაზიანდა.

”ეუთოს ხელმძღვანელობამ და მისმა ინსტიტუტებმა გადაუდებელი ზომები უნდა მიიღონ იმ ჰუმანიტარული კატასტროფის აღსაკვეთად, რომელიც შესაძლოა თბილისის ქმედებებმა გამოიწვიოს,” – განაცხადა ლავროვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button