მილიბენდი სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო დამკვირვებლების საჭიროებაზე საუბრობს
ჰელსინკში 4 დეკემბერს ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გამოსვლისას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა განაცხადა, რომ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია აღადგინოს სამხედრო მონიტორინგი სამხრეთ ოსეთში, ”რადგანაც დამოუკიდებელი მონიტორინგი ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება”.
”ვიმედოვნებ, ამ კონტექსტში ყველა ჩვენგანი გამონახავს დროს, რომ სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ ODIHR-ის მოხსენების დასკვნა მაინც წავიკითხოთ,” – მიმართა მან საბჭოს. მას მხედველობაში ჰქონდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მოხსენება – ”ადამიანის უფლებები ომგამოვლილ ტერიტორიებზე საქართველოში კონფლიქტის შემდეგ”.
შემდეგ მილიბენდმა განაგრძო მოხსენების ციტირება: ”ზოგიერთი იძულებით გადაადგილებული პირი, როგორც ჩანს, აიძულა საქართველოს ხელისუფლებამ დაბრუნებულიყო თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა იქ ჯერ კიდევ არ იყო უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოების დაცვის გარანტიები”.
”თუმცა, მასში ასევე ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის შიგნით, ცხინვალის მახლობლად მდებარე ბევრი სოფელი, რომლებიც ძირითადად ეთნიკური ქართველებით იყო დასახლებული, თითქმის მთლიანადაა განადგურებული,” – განაგრძო მილიბენდმა. ”იგი [მოხსენება] აცხადებს, რომ ახალგორის რაიონში მოსახლეობა შიშში ცხოვრობს სამხედრო პერსონალის დიდი ნაკადის შესვლის შემდეგ, ხოლო სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ბევრი ეთნიკურად ქართული სოფელი სისტემატურად იძარცვებოდა და იწვებოდა”.
”ეს საშინელი და სახიფათო სიტყვებია… რასაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგანაც ეს დაწერა იმ ხალხმა, რომელთაც სერიოზული მუშაობა გასწიეს ადგილზე და თუ ჩვენ ამ სიტყვებს სერიოზულად არ მივუდგებით, ჩვენ ვერ გავამართლებთ იმ სიტყვებს, რამაც, ჩემი აზრით, ჩვენ ერთად შეგვყარა,” – განაცხადა მილიბენდმა.
მან ასევე განუცხადა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ ”რითიც არ უნდა ყოფილიყო გამოწვეული ეს მოვლენები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის სამხედრო რეაქცია იყო არაპროპორციული”.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა თავის გამოსვლაში, რომ საჭიროა სწრაფი შეთანხმება ”საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეუთოს მუშაობისთვის სიცოცხლისუნარიანი მანდატის შესაქმნელად”. ”ჩვენთვის, ეს ასევე ითვალისწინებს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას,” – განაცხადა მან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა სამიტზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის პროცესი საქართველოში ”მყიფეა”. მან საერთაშორისო დამკვირვებლების სამხრეთ ოსეთის შიგნით შეშვებისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც ეს იქნება მიღწეული, აღნიშნა მან, საჭირო იქნება საერთაშორისო საპოლიციო და სამშვიდობო მისიები, რომლებიც უზრუნველყოფს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მდგრადობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)