ახალი ამბები

თბილისი და ცხინვალი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

წუხელ ღამით, დაახლოებით 1 საათზე,  ოსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შიდა ქართლის სოფლების –  ქვეშის, მერეთის და კოშკას  მიმართულებით, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური სროლა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში 1 დეკემბერს.

”ქართულ მხარეს ცეცხლი არ გაუხსნია,”- აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ სროლებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცხინვალი სროლების თაობაზე ბრალდებებს ქართულ მხარეს უყენებს. სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ შაბათს და კვირას ცეცხლი გახსნა სოფლებიდან ნიქოზი და ქვეში, შესაბამისად.

იმავდროულად, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა 1 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სიტუაცია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ”არაპროგნოზირებადია, კვლავ ადგილი აქვს ინციდენტებს”. ეს განცხადება არ უკავშირდება სროლების ინციდენტს. 

ევროკავშირის მისიამ აღნიშნა განცხადებაში, რომ იმ გამოწვევების გამო, რომელიც კვლავ არსებობს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, მისიამ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე საველე ოფისს ადგილმდებარეობა შეუცვალოს. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება ითვალისწინებს მისიის საველე ოფისის გადატანას ფოთიდან ხაშურში, რათა უკეთესად მოხდეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთ ნაწილის მონიტორინგი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button