ახალი ამბები

HRW: რუსეთმა ოსი მებრძოლების ”აღვირახსნილობა” უნდა აღკვეთოს

რუსეთის ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა აღკვეთოს ოსი მებრძოლების თავდასხმები ეთნიკურ ქართველებზე ახალგორის რაიონში, განაცხადა Human Rights Watch-მა 25 ნოემბერს.

”ოსი შეიარაღებული პირები აღვირახსნილად იქცევიან და ესხმიან თავს ეთნიკურ ქართველებს ახალგორში. დროა, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, როგორც სამხრეთ ოსეთში უკუპაციის განმახორციელებელმა ძალამ და მოთოკოს ისინი,” – განაცხადა ორგანიზაციის მოსკოვის ოფისის დირექტორის მოადგილემ ტანია ლოკშინამ.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მკვლევარები 20-21 ნოემბერს ახალგორის რაიონის ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფლებში ჩავიდნენ.

”მათ ინტერვიუები ჩამოართვეს რამოდენიმე ეთნიკურ ქართველს, რომელთაც აღწერეს, თუ როგორ ესხმოდნენ თავს შეიარაღებული ოსი მებრძოლები ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ძარცვავდნენ მათ ქონებას. Human Rights Watch-ს ასევე დოკუმენტირებული აქვს ოსი შეიარაღებული პირების მიერ ნოემბერში განხორციელებული ორი თავდასხმა მოხუც მოქალაქეებზე, რომელთაგანაც ერთი დაიღუპა,” – განაცხადა ორგანიზაციამ.       

Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ ოსი მებრძოლების შიშით ბევრ ადგილობრივ მოსახლეს რაიონის დატოვება მოუხდა. ერთ-ერთ სკოლაში 236 ბავშვიდან მხოლოდ 136 დარჩა, აცხადებს ორგანიზაცია.        

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button