ახალი ამბები

მოსკოვი ”პროვოკაციას” უწოდებს პრეზიდენტების კორტეჟთან სროლებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ”პროვოკაცია” უწოდა 23 ნოემბერს საღამოს ახალგორის რაიონთან საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების კორტეჟის მახლობლად განხორციელებულ სროლებს და ამ ინციდენტთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებებს.

”ეს ნამდვილი პროვოკაციაა. პირველად არ ხდება მსგავსი შემთხვევები: თავად აკეთებენ ყველაფრის ორგანიზებას, შემდეგ კი აბრალებენ რუსულ ან ოსურ მხარეებს,”- იუწყება 24 ნოემბერს ”ინტერფაქსი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ასევე განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი სააკაშვილის აპირებს ჟენევის პროცესში სერიოზულ მონაწილეობას, ”მაშინ მან უნდა შეწყვიტოს თავისი პროვოკაციები”.

ლავროვმა განაცხადა, რომ თავად ის ფაქტია პროვოკაცია, რომ ერთი პრეზიდენტი მეორე ქვეყნის პრეზიდენტს იწვევს თბილისში და მიჰყავს სხვა ქვეყანაში –  მას მხედველობაში ჰქონდა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი, კერძოდ კი ახალგორის რაიონი, სადაც ამჟამად რუსული ძალები დგანან. 

თბილისმა განაცხადა, რომ გუშინდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისაკენ მოუწოდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button