
ენერგეტიკის მინისტრი აზერბაიჯანული გაზის ფასს ასახელებს
საქართველოს გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობისათვის განკუთვნილ 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 167 აშშ დოლარად, ხოლო თბოელექტროსადგურებისათვის – 143 აშშ დოლარად შეიძენენ აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია ”სოკარისაგან”, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
მან საქართველოსთვის გაზის მოწოდების თაობაზე 5-წლიან მემორანდუმს აზერბაიჯანულ მხარესთან 14 ნოემბერს ბაქოში ვიზიტისას მოაწერა ხელი.
ხეთაგურის განცხადებით, მემორანდუმში ასახული ტარიფები 5 წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება. მთავრობის განცხადებით, გაზის სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება.
მემორანდუმით ასევე გაწერილია გაზის მოწოდების მოცულობები – 2009 წელს მოსახლეობისთვის საჭირო გაზის რაოდენობა 1.05 მლრდ კუბური მეტრი იქნება, 2010 წელს – 963 მლნ კუბური მეტრი.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის წლიური მოხმარება 1.8 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს, აქედან მოსახლეობის წლიური მოხმარება 350 მლნ კუბური მეტრია, თბოელექტროსადგურების – 700 მლნ კუბური მეტრი, დარჩენილ რაოდენობას კი საწარმოები მოიხმარენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)