skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველმა სიტყვის თავისუფლების პრობლემებზე მოხსენება წარმოადგინა

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დღეს 2008 წლის პირველი ნახევრის მოხსენების იმ ნაწილის პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების სფეროში შექმნილ პრობლემებს ეხება.

დღევანდელ პრეზენტაციას, რომელიც წინ უსწრებდა მისი მოხსენების საპარლამენტო განხილვას, ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის  წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები.

სუბარის განცხადებით, წამყვანი ტელევიზიები სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ.

”ეს არის ძალიან სერიოზული ცენზურა, რომელიც გამოიხატება ყოველი საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში,”- განაცხადა სუბარმა, ”თუ როდის რომელი ინფორმაცია უნდა გავიდეს იგეგმება არა ტელეკომპანიებში, არამედ ხელისუფლების სტრუქტურებში და კულუარებში.  ეს არის დღევანდელი რეალობა”.

მისი თქმით, კონტროლი ხორციელდება ”პირდაპირ მედია მფლობელების შეცვლის გზით”, სერიოზულ ზეწოლას აქვს ადგილი ჟურნალისტებსა და მედიის მფლობელებზე.

”ხელმძღვანელები შთაგონებული სახეებით ეუბნებიან ჟურნალისტებს: როგორ თქვენ დღეს პატრიოტები არ ხართ? დღეს ხომ მთავარი სახელმწიფოა და ინფორმაცია ისე უნდა გადასცეთ, როგორც ეს სჭირდება სახელმწიფოს,” – აღნიშნა სუბარმა, ”მაგრამ კიდევ საკითხავია ვის სჭირდება ეს  – სახელმწიფოს თუ ხელისუფლებას?”.

მოხსენებაში სიტყვის თავისუფლებისადმი მიძღვნილია 50 გვერდი და მასში ასევე შესულია 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედში” სპეცდანიშნულების რაზმის ”უკანონო შეჭრის” შედეგად ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფისა და ტელეკომპანიის ქონების განადგურების ფაქტები. 

სუბარი ამ ფაქტებზე დაყრდნობით შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

”ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის საფუძველი, რის გამოც ის არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი,”- აცხადებს სოზარ სუბარი.

მისი თქმით, ასევე პასუხი უნდა აგოს კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ლიცენზირების საკითხებზე შექმნილი პრობლემების გამო. კერძოდ, მან მოიყვანა სტუდია ”მაესტროს” მაგალითი, რომელსაც კომუნიკაციების კომისიამ საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემაზე აპრილში უარი უთხრა, თუმცა პარლამენტის ჩარევის შედეგად გასულ თვეში დათანხმდა ლიცენზიის მოდიფიცირებას, რაც საშუალებას მისცემს ”მაესტროს” უახლოეს ხანებში პოლიტიკური გადაცემები გაუშვას ეთერში.

”ამის მერე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ მარეგულირებელი კომისია არა თუ დამოუკიდებელი არ არის, არამედ არის პოლიტიკური შეკვეთების შემსრულებელი ორგანო,”- განაცხადა სუბარმა, ”ამით კიდევ ერთხელ დგება თანამდებობრივი და მორალური პასუხისმგებლობის საკითხი ბატონი გიორგი არველაძისა [მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე] და იმ ადამიანებისა, ვინც გადაწყვეტილების მიმღებები არიან”.

სუბარის მოხსენება პარლამენტში უკვე შესულია განსახილველად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button