ახალი ამბები

მედვედევის თქმით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება არ შეიცვლება

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება.

”ასეთ თემებზე არ ხუმრობენ,”- განაცხადა მან ფრანგულ გაზეთ "ფიგაროსთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 13 ნოემბერს გამოქვეყნდა, ”ჩვენ ვაღიარეთ საერთაშორისო სამართლის ორი ახალი სუბიექტი. საერთაშორისო დოქტრინის თვალსაზრისით ეს ორი სუბიექტი არსებობს”.

მედვედევს დაუსვეს შეკითხვა აპირებს თუ არა ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო კონტიგენტების ოდენობის შემცირებას, რომელიც აჭარბებს 7 აგვისტომდე იქ მყოფ სამხედროთა რაოდენობას და რაზეც  ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები შეშფოთებას  გამოთქვამენ 14 ნოემბერს ნიცაში დაგეგმილი რუსეთ-ევროკავშირის სამიტის წინ.

”ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ არცერთი დოკუმენტით, მათ შორის ჩემი ერთობლივი გეგმით პრეზიდენტ სარკოზისთან, არ არის გათვალისწინებული, რომ კონტიგენტი რაიმე წესებს უნდა დაემორჩილოს,”- უპასუხა მედვედევმა.

მისი თქმით, კონტიგენტის ოდენობას ამჟამად უკვე არეგულირებს მოსკოვის ორმხრივი შეთანხმებები სოხუმთან და ცხინვალთან.

”და ჩვენ თავად განვსაზღვრავთ, რომელი კონტიგენტია იქ საჭირო და ასევე იმასაც, თუ როგორ განთავსდება, როგორი სამხედრო ბაზები იქნება იქ წარმოდგენილი,”- განაგრძო მედვედევმა, ”ყველაფერი ეს კეთდება საერთაშორისო სამართლის ორი ახალი სუბიექტის ინეტერესების დასაცავად, იმ ადამიანების შენარჩუნებისათვის, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ჰუმანიტარული კატასტროფის არ დასაშვებად. ამ კონტიგენტის ოდენობა უნდა იყოს აუცილებელი და საკმარისი ამ ამოცანების გადასაჭრელად”.

12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული ექვს-პუნქტიანი გეგმა 7 აგვისტომდე არსებულ სტატუს კვოს აღდგენას ითვალისწინებს, როცა რუსეთს სეპარატისტულ რეგიონებში დაახლოებით 3 500 კაციანი სამხედრო კონტიგენტი ჰყავდა. თუმცა სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ მოსკოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავის სამხედრო ბაზებზე ჯამში 7 600 ჯარისკაცს განათავსებს. 

This post is also available in: English

Back to top button