ახალი ამბები

პეტრე მამრაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

დეპუტატმა პეტრე მამრაძემ, რომელიც პარლამენტში მმართველი პარტიის სიით მოხვდა, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.

”მე გადავწყვიტე, რომ ვიყო დამოუკიდებელი დეპუტატი. არცერთ სხვა ფრაქციაში არ შევდივარ,”- განუცხადა მან ”რუსთავი 2”-ს, ”საქმე ისაა, რომ კარგა ხანია გამოვდივარ და ჩემს განხვავებულ აზრს ვამბობ და გადავწყვიტე, რომ გუნდური პრინციპი იქნას დაცული და გავიდე გუნდიდან იმიტომ, რომ გუნდში სხვანაირი აზრი არის”.

მამრაძე დეპუტატობამდე მთავრობის კანცელარიას ხელმძღვანელობდა. ის კანცელარიის უფროსი იყო ”ვარდების რევოლუციამდეც”, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში.

მმართველი პარტიიდან დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ მამრაძეს ნაციონალურ მოძრაობასთან არსებულ პოლიტიკური პრობლემებზე პარლამენტში მოხვედრამდე უნდა გაეკეთებინა განცხადება.

”თუ მას რაიმე პოლიტიკური პრობლემები ჰქონდა იმ პოლიტიკურ გუნდთან, რომელშიც ის აქამდე იმყოფებოდა, მე ვფიქრობ, რომ უფრო სწორი იქნებოდა ეს მას ეთქვა არჩევნებამდე, მანამდე, სანამ ის სიაში ჩაეწერებოდა,”- განაცხადა გაბაშვილმა.

პეტრე მამრაძე მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში მე-19 ნომრად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის კვოტით მოხვდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად დაუკავშიურებს თავის პოლიტიკურ მომავალს მამრაძე ბურჯანაძეს, რომელიც 23 ნოემბერს საკუთარი ”მკვეთრად ოპოზიციური” პარტიის დაფუძნებას გეგმავს.

მას შემდეგ რაც ბურჯანაძემ აპრილში საარჩევნო სიაზე მმართველ გუნდთან უთანხმოების მოტივით უარი თქვა დეპუტატად კენჭისყრაზე, მმართველი პარტიის გავლენიანმა წარმომადგენელმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ  განაცხადა, რომ სიაში მაინც რჩებოდა მამრაძე, რადგან ”ჩვენ არ ვამბობთ იმ ხალხზე უარს, ვინც რეკომენდირებული იყო ბურჯანაძის მიერ”.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button