skip to content
ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის დროებით კომისიას ჩვენება მისცა

ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა 11 ნოემბერს განუცხადა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ პარლამენტის დროებით კომისიას, რომ ომის დროს დაჭრილმა 2 232 ადამიანმა – 1 685 სამხედრომ და 547 სამოქალაქო პირმა – გაიარა მკურნალობა საავადმყოფოებში.

სანამ მინისტრი ჩვენების მიცემას დაიწყებდა, რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა და მხოლოდ 30 წუთს გაგრძელდა, კომისიის წევრებმა მადლიერება გამოხატეს ომის დროს ჯანდაცვის სისტემის მუშაობის მიმართ.

”საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მხოლოდ სამი ადამიანი გარდაიცვალა – ორი მათგანი მძიმედ იყო დაჭრილი და ერთი გულის შეტევით გარდაიცვალა,” – განაცხადა კვიტაშვილმა. ”ამ მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, ნათელია, რომ ამ ხალხმა [ექიმებმა] ნამდვილად კარგი საქმე გააკეთეს როგორც ფრონტის ხაზზე, ისე საავადმყოფოებში”.

”როდესაც მე დავინიშნე ჯანდაცვის მინისტრად [2008 წლის იანვარში], ჩემთვის  სასიამოვნო მოულოდნელობა იყო იმის აღმოჩენა, რომ სამინისტროს ჰქონდა ძალიან კარგი სამოქალაქო თავდაცვის სამოქმედო გეგმა – ეს გეგმა მხოლოდ საომარ სიტუაციას არ ეხება, არამედ ნებისმიერ საგანგებო სიტუაციებს და იგი ყოველ სამ თვეში ერთხელ გადაიხედება,” – განაცხადა კვიტაშვილმა.

აქტიური საომარო მოქმედებების დროს და მის შემდეგ სულ 111 სასწრაფო დახმარების მანქანა მუშაობდა.

კვიტაშვილის თქმით, ორი საველე ჰოსპიტალი იყო განთავსებული, ერთი გორში, ხოლო მეორე სოფელ ტყვიავში. გარდა ამისა, ორი სტაციონალური საავადმყოფო გორში, მათ შორის სამხედრო ჰოსპიტალი, სრული დატვირთვით მუშაობდა. ამ საავადმყოფოებში, მისი თქმით, დაჭრილი ადამიანები პირდაპირ ბრძოლის ველიდან მიჰყავდათ. შემდეგ, განაცხადა მან, დაჭრილები ძირითადად სამ საავადმყოფოში გადაჰყავდათ – ორი თბილისში და ერთიც ქუთაისში.

მან განაცხადა, რომ სამინისტროს ჰქონდა ყველაზე აუცილებელი სამედიცინო პროდუქტების მარაგი, მაგრამ რაც შეეხება წამლებს, სამინისტრომ სთხოვა სააფთიაქო ქსელებს ”გაეხსნათ თავიანთი წამლის მარაგები საავადმყოფოებისთვის”.

”საავადმყოფოებს ხელი მიუწვდებოდათ ამ მარაგზე და წამლის მიწოდება შეუზღუდავი იყო; რა თქმა უნდა, შემდეგ, სახელმწიფომ აუნაზღაურა მათ ყველა ხარჯი,” – განაცხადა კვიტაშვილმა.

სასწრაფო დახმარების შვიდი მანქანა დაზიანდა – ერთ-ერთი მათგანი აფეთქდა და ხოლო ერთსაც ტყვიები მოხვდა, განაცხადა მან. ”მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა მათგანი მას შემდეგ დაზიანდა, რაც უკვე დასრულებული იყო აქტიური საბრძოლო მოქმედებები,” – განაცხადა მინისტრმა. 

”მედდა და მძღოლი [სასწრაფო მანქანის] დაიღუპნენ და ექიმი მძიმედ დაშავდა გორის ერთ-ერთი დაბომბვის დროს,” – განაცხადა კვიტაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ კიდევ ერთი ინციდენტის დროს ექიმი მოკლეს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მახლობლად.

This post is also available in: English

Back to top button