ახალი ამბები

ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებს აღადგენს

ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთთან პარტნიორობის მოლაპარაკებების აღდგენა ”არავითარ შემთხვევაში არ აკანონებს საქართველოში არსებულ სტატუს ქვოს ან რუსეთის ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს და პრინციპებს”.

”კავშირისთვის, დიალოგი და მოლაპარაკება საუკეთესო საშუალებაა მისი მიზნების მისაღწევად, მისი პრინციპების და ღირებულებების ხელშეწყობისთვის,” – ნათქვამია 10 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

”კონფლიქტმა საქართველოში გავლენა მოახდინა ნდობაზე, რაც აუცილებელია ევროკავშირსა და რუსეთს შორის პარტნიორობისთვის,” – ნათქვამია განცხადებაში, ”რუსეთმა უნდა განაგრძოს მისი ვალდებულებების შესრულება და კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო განხილვებში, რომელიც ჟენევაში დაიწყო”.

პარტნიორობის შესახებ ევროკავშირი-რუსეთის მოლაპარაკებებისა და საქართველოს საკითხები ერთმანეთს 1 სექტემბერს დაუკავშირდა, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: ”სანამ ჯარები არ გავლენ 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე, მოლაპარაკებები [რუსეთთან] პარტნიორობის შეთანხმების თაობაზე გადაიდება”. მას შემდეგ რუსეთმა გაიყვანა თავისი ძალები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან, თუმცა მისი შენაერთები კვლავ რჩება ორი სეპარატისტული რეგიონის შიგნით და ასევე იმ რაიონებში, სადაც აგვისტოს ომამდე რუსული ძალები არ ყოფილან.

ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა განაცხადა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ: ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ დროა განახლდეს მოლაპარაკებები”.

მოლაპარაკებების აღდგენის წინააღმდეგ პოლონეთი და ლიტვა გამოდიოდნენ.

თუმცა, საბოლოოდ პოლონეთმა შეცვალა უარყოფითი პოზიცია მოლაპარაკებების განახლების მიმართ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მოლაპარაკებები ”უნდა განახლდეს ამ თვის ბოლოს ან მომდევნო თვის პირველ ნახევარში”. 

ლიტვა მოლაპარაკებების განახლებას კვლავ ეწინააღმდეგება. ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეცდომაა. ისტორია გვაჩვენებს, ვინ იყო სწორი და ვინ არა,” – განუცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგიმანტას პავილიონისმა AFP-ს.

მოლაპარაკებების აღსადგენად ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს კონსენსუსი საჭირო არ იყო, რადგანაც ევროკომისიას უკვე გააჩნია შესაბამისი მანდატი.

AFP-ი იტყობინება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ”27-დან 26 სულაც არ არის ცუდი, როგორც უმრავლესობა, და მეორეც, ხმის მიცემა არც იყო საჭირო”. 

ბრიტანეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დევიდ მილიბანდმა და კარლ ბილდტმა, შესაბამისად, 10 ნოემბერს, ბრიუსელის შეხვედრამდე განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების განახლება არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული, როგორც ევროკავშირის მიერ რუსეთთან ადრე არსებული ურთიერთობის აღდგენა. ” არც საქართველოში კონფლიქტის გვერდის გადაფურცვლას ვაპირებთ,” – განაცხადეს მათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან რთულია ევროკავშირის გადაწყვეტილების შეფასება ამ ეტაპზე. მისი თქმით, ნათელია, რომ რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 10 ნოემბერს, რომ თბილისი არ არის ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობების განვითარების წინააღმდეგ. თუმცა, მან იქვე დასძინა: ”ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობა არ გაგრძელდება საქართველოს კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე”.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button