ახალი ამბები

ბრიტანეთი და შვედეთი ევროკავშირი-რუსეთის მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ

ბრიტანეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დევიდ მილიბანდმა და კარლ ბილდტმა, შესაბამისად, განაცხადეს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ რუსეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების განახლებას.

”აღვნიშნავთ რა, რომ დღესდღეობით არ არსებობს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მოლაპარაკებების განახლებას ევროკავშირი-რუსეთის ახალ ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რადგანაც მიგვაჩნია, რომ განსახილველი საკითხები შედის როგორც ევროკავშირის, ისე რუსეთის ინტერესებში,” – ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 10 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამოქვეყნდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია: ”მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს ის საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც აპირებს მოლაპარაკებების განახლებას. ჩვენ არ ვუბრუნდებით ჩვეულებრივ საქმიანობას, არც საქართველოში კონფლიქტის გვერდის გადაფურცვლას ვაპირებთ. ევროკავშირი მყარად დაიცავს იმ მკაცრ მანდატს, რომელიც მოლაპარაკებებისთვისაა შეთანხმებული”.

ეს ორი საკითხი ერთმანეთს 1 სექტემბერს დაუკავშირდა, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: ”სანამ ჯარები არ გავლენ 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე, მოლაპარაკებები [რუსეთთან] პარტნიორობის შეთანხმების თაობაზე გადაიდება”.

მას შემდეგ რუსეთმა გაიყვანა თავისი ძალები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან, თუმცა მისი შენაერთები კვლავ რჩება ორი სეპარატისტული რეგიონის შიგნით და ასევე იმ რაიონებში, სადაც აგვისტოს ომამდე რუსული ძალები არ ყოფილან.

”შვედეთი და გაერთიანებული სამეფო მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ რუსული ძალები გავიდნენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან, რამაც საშუალება მისცა ევროკავშირის დამკვირვებლებს იქ შესულიყვნენ,” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, ”თუმცა, ღრმად ვართ შეშფოთებული იმის გამო, რომ რუსეთი ჯერ არ დაბრუნებულა 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე, რადგანაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ მან [რუსეთმა] ეს უნდა გააკეთოს. ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს სრულად შეასრულოს 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმებები. ასევე შეშფოთებულნი ვართ იმის გამო, რომ ეუთოს და ევროკავშირის დამკვირვებლებს კვლავ არ აძლევენ უფლებას შევიდნენ სამხრეთ ოსეთში”.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button