ახალი ამბები

აშშ-ს ომის გამოძიება მნიშვნელოვნად არ მიაჩნია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ ახლა ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ”ორივე მხარემ, კერძოდ კი რუსეთმა, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები,” ვიდრე ის, რომ გამოიკვლიონ ”პირველმა ვინ და რა გააკეთა,” რამაც საბოლოო ჯამში აგვისტოს ომი გამოიწვია.

ვუდმა ეს განცხადება 7 ნოემბერს ბრიფინგზე გააკეთა, როდესაც მას შეკითხვა დაუსვეს New York Times-ში დაბეჭდილი სტატიის შესახებ. სტატიის მიხედვით ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლების მოხსენებები ეჭვქვეშ აყენებს ქართული მხარის განცხადებებს ომის დაწყების გარემოებებთან დაკავშირებით.

”ჩვენ შეიძლება გავარკვიოთ ან შეიძლება ვერასდროს გავარკვიოთ ის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც იქ მოხდა,” – განაცხადა ვუდმა, ”მე ვფიქრობ, ჩვენ თავი უნდა დავანებოთ იმის გამოძიებას, თუ ვინ იყო პირველი და რა გააკეთა, რადგანაც როგორც უკვე ვთქვი, არა მგონია, რომ ოდესმე შევძლებთ გავიგოთ რეალურად რა მოხდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინ წავიწიოთ, და სწორედ ამას ვცდილობთ საქართველოს რეკონსტრუქციის, რეგიონში სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით და სწორედ ამაზე ვაპირებთ ფოკუსირებას”.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამგვარი პოზიცია ინტერპრეტირებულ იქნას როგორც აშშ-ს მხრიდან ”მოკავშირისადმი [საქართველოსადმი] ბრმა მხარდაჭერა,” ვუდმა უპასუხა: ”მე უკვე ვთქვი, რაც ვთქვი ამაზე. არა მგონია, რომ როდესმე გავიგებთ რეალურად რა მოხდა. და ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ, კერძოდ კი რუსეთმა, როგორც ვთქვი, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რათა შევძლოთ მსოფლიოს ამ ნაწილში სტაბილურობის დამყარება.”

მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ”თავიდანვე მოუწოდებდა ორივე მხარეს არ წამოგებოდნენ პროვოკაციებს ან არ წასულიყვნენ პროვოკაციაზე”.

”ქართველები მიხვდნენ, რომ რუსებმა მათი პროვოცირება მოახდინეს,” – დასძინა მან.

სექტემბერში აშშ-ის სენატის შეიარაღებული სამსახურის კომიტეტის მოსმენაზე სენატორმა ჰილარი კლინტონმა მოუწოდა კომისიის შექმნისკენ, რომელიც აგვისტოს ომს გამოიძიებდა.

”კონფლიქტმა რუსეთსა და საქართველოს შორის ბევრი კითხვა გააჩინა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაუმკლავდა ბუშის ადმინისტრაცია კრიზისის მოგვარებას,” – განაცხადა მან მოსმენაზე.  

იმავდროულად, მმართველი პარტიის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა, რომელიც აგვისტოს ომის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრია, 8 ნოემბერს განუცხადა Civil.Ge-ს, რომ კომისიის საბოლოო დასკვნები და რეკომენდაციები დაეფუძნება ოფიციალური პირების დაკითხვების შედეგებს და მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს.
 
”კომისია აპირებს ყველანაირი ინფორმაციის – კომისიაზე განხორციელებული დაკითხვებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, მათ შორის New York Times-ში გამოქვეყნებული მასალის, შეჯერების საფუძველზე დასკვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენას,”- განაცხადა მინაშვილმა.

კითხვაზე აპირებს თუ არა კომისია უშუალოდ ეუთოს იმ დამკვირვებლებისგან ინფორმაციის მოსმენას, რომელთა განცხადებებსაც ეყრდნობა New York Times-ის სტატია, მინაშვილმა უპასუხა: ”კონკრეტულად ამას ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა ყველა ინფორმაცია, რომელიც ღიაა აისახება ჩვენს დასკვნაში”.

This post is also available in: English

Back to top button