
ბაქრაძე: 7 ნოემბერი ”მწარე გაკვეთილი” იყო
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ გასული წლის 7 ნოემბერი ”მწარე გაკვეთილი” იყო, მათ შორის ხელისუფლებისთვის.
თავის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადრე გაკეთებული განცხადების მსგავსი იყო, ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ის შარშან ნოემბერში იყო.
”7 ნოემბერი იყო მწარე და მნიშვნელოვანი გაკვეთილი,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს 7 ნოემბერს. ”გაკვეთილი იმისა, რომ საჭიროა მუდმივი დიალოგი, რომ საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია ერთმანეთთან რაოდენ მნიშვნელოვანი და სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებიც არ უნდა არსებობდეს ჩვენს შორის და გაკვეთილი იმის, რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ ლიდერებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის”.
”შეიძლება ითქვას, რომ განვლილი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ არაერთგზის აჩვენა, რომ ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნები წინა წლის 7 ნოემბრიდან,” – განაგრძო მან, ”ამ ერთი წლის განმავლობაში პროცესები განვითარდა დიალოგის მიმართულების, შერიგების მიმართულებით, მეტი ერთიანობის მიმართულებით. მე დღეს ძალიან მოხარული ვარ ვთქვა, რომ დღეს – 2008 წლის 7 ნოემბერს საქართველო გახლავთ უფრო წინ წასული დემოკრატიის თვალსაზრისით, რეფორმების თვალსაზრისით, ერთიანობის თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)