
ბადრი ბიწაძე სასაზღვრო პოლიციას ტოვებს
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ბადრი ბიწაძემ 29 ოქტომბერს გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მიმდინარეობს უწყების დისკრედიტაციის კამპანია, რაც იმ ფაქტს უკავშირდება, რომ იგი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლეა.
ბიწაძის თქმით, ვითომდა კორუმპირებული მესაზღვრეების დაპატიმრებების სერია ამ კამპანიის ნაწილია.
”საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, როგორც საქართველოს ასევე დასავლური ორგანიზაციების მიერ შეფასებულია როგორც ერთ-ერთი წარმატებული უწყება, რომელშიც ეფექტურად ხორციელდება რეფორმები,” – განაცხადა ბიწაძემ. ”ამისდა მიუხედავად საზღვრის დაცვის პოლიციას თითქმის გაუნახევრდა დაფინანსება (ყოველთვის დაჩაგრული იყო ბიუჯეტის თვალსაზრისით). თუმცა სწორედ ახლა, რუსეთის აგრესიის შედეგად განსაკუთრებით აქტუალური ხდება საზღვრის კონტროლის ღონისძიებები”.
”სრულიად ბუნებრივია გაჩნდეს კითხვა – რა ხდება?! ამაზე პასუხი მარტივად მოგეჩვენებათ თუ დაკვირვებით განიხილავთ თვითოეულ ფაქტს. ყველამ დაინახა, ვიდეო გადაღებით დადასტურებულია, რომ დაკავებულ მესაზღვრეს, რომელსაც ხელები გაკავებული აქვს, ძალის გამოყენებით აჩეჩებენ ფულს. სრულიად გაუგებარია ელექტროტექნიკოსის დაკავების ფაქტი ქრთამზე, რომელსაც არავითარი შეხება საზღვრის გადაკვეთასთან არ გააჩნია,” – განაგრძო ბიწაძემ. ”ამას ემატება უკანასკნელ ხანს განხორციელებული ზარები ჩემს უახლოეს თანამშრომლებთან, სადაც გაისმის მუქარა, რომ მათაც ამგვარი ბედი ელით, როგორც დაკავებულ თანამშრომლებს”.
”არ მინდა ყოველივე ეს დავუკავშირო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკურ გააქტიურებას, მაგრამ სამწუხაროდ ანალიზი სწორედ ამაზე მიუთითებს,” – განაცხადა მან. ”ვადასტურებ, რომ პირადად ჩემს მიმართ არანაირი მოთხოვნა ან მუქარა არ ყოფილა – პირიქით”.
”მიმაჩნია, რომ არანაირი თანამდებობა არ ღირს ერთი ადამიანის ერთი დღის დაუმსახურებულ პატიმრობად. მიმაჩნია, რომ გამოყოფილი შემცირებული ბიუჯეტით შეუძლებელია სამსახურის ფუნქციონირება, რაიმე განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია,” – განაცხადა ბიწაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)