ახალი ამბები

თბილისის ცნობით, რუსეთმა სამხრეთ ოსეთში სამხედრო კონტინგენტი გაზარდა

რუსეთმა კვლავ გაზარდა თავისი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში; შედეგად რუსი სამხედროების რაოდენობა 7,000 კაცამდე გაიზარდა, რაც შესაძლოა იმაზე მიანიშნებს, რომ მოსკოვი რეგიონში დაძაბულობის ხელახალ ესკალაციას  გეგმავს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 ოქტომბერს. 

”ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსი სამხედროებისე რაოდენობა 2,000-ით გაიზარდა. ბოლო დღეების განმავლობაში ისინი [რუსული ძალები] შევიდნენ და დაბანაკდნენ ჯავის ტერიტორიაზე,” – განაცხადა შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა. ”ამავე დროს, დაახლოებით ორი დღის წინ დაახლოებით 40 ერთეული მძიმე ტექნიკა ცხინვალიდან გადავიდა ახალგორის რაიონში. ტექნიკას თან ახლდა რამდენიმე ასეული კაცი და აცილებდა 4 საბრძოლო ვერტმფრენი”.

”შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსების ჯარისკაცების საერთო რაოდენობა ყოფილ სამხრეთ ოსეთის [ოლქის] ტერიტორიაზე 7,000 კაცამდე გაიზარდა, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს,” – დასძინა მან.

უტიაშვილის თქმით, ამ პროცესს თან ახლდა ”რამდენიმე აშკარად პროვოკაციული აქტი”, მათ შორის ქართველი პოლიციელების ავტომანქანის აფეთქება და ქართული პოლიციის პოსტის აფეთქების მცდელობა.

”ჩვენ ეს გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა რუსეთს განზრახული ქონდეს  ვითარების შემდგომი ესკალაცია რეგიონში,” – განაცხადა უტიაშვილმა.

 რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აღნიშნული ცნობა როგორც მორიგი დეზინფორმაცია.

ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა რომ ეს კიდევ ერთი ”ტყულია” რომ ქართული მხარე ”რეგულარულად ავრცელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button