ახალი ამბები

დანიელ ფრიდი: რუსეთი სრულად არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსული ძალების გაყვანა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან ”ნამდვილი პროგრესია,” თუმცა იქვე დასძინა, რომ სიტუაცია ”დამაკმაყოფილებლისგან შორსაა”.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ძალების გაყვანას ომამდე არსებულ პოზიციებზე.

”რუსებს ეს არ გაუკეთებიათ, ამიტომაც ისინი ჯერჯერობით ვერ ასრულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას,” – განაცხადა მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. ”ისინი ნაწილობრივ ასრულებენ მას, თუმცა არა მთლიანად”.

მან აღნიშნა, რომ სიტუაცია არ მოგვარდება ”ძალიან ადვილად” და ”ძალიან მალე”. მაგრამ დროთა განმავლობაში, განაგრძო მან, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შიგნით შევიდნენ.  

”ჩვენ გვაშფოთებს ახალგორში და სხვა სოფლებში არსებული ვითარება, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, ადგილი აქვს განადგურებას და ქართული მოსახლეობის გამოძევებას; ამიტომაც, საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები შევიდნენ იქ და გაარკვიონ რა ხდება,” – განაცხადა ფრიდმა.

ამერიკელი დიპლომატი თბილისს და შიდა ქართლის რეგიონის რამდენიმე ომგამოვლილ სოფელს 18-20 ოქტომბერს სტუმრობდა. ვიზიტს წინ უძღოდა ჟენევის მოლაპარაკებები 15 ოქტომბერს, სადაც ფრიდი ამერიკულ  მხარეს წარმოადგენდა. თბილისიდან ფრიდი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 22 ოქტომბერს დონორთა კონფერენციაა დაგეგმილი.

პრესკონფერენციაზე საუბრისას დანიელ ფრიდმა განაცხადა, რომ ასევე პრობლემად რჩება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში ”ძირითადი უსაფრთხოების” საკითხი. მან დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთით მდებარე ქართულ სოფლებში ჩასვლისას იგი ადგილობრივ ფერმერს შეხვდა, რომლის მამაც, ამ უკანასკნელის თქმით, ”სამხრეთ ოსურმა ბანდფორმირებებმა გაიტაცეს”.

იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოლო დღეების მანძილზე ქართული სპეცსამსახურების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის ოსურ მხარეს მდებარე სოფლებიდან სულ ცოტა 11 ოსი იქნა გატაცებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button