ახალი ამბები

ბაქრაძე: რუსულ პრესაში ტერორისტულ აქტებზე ”საშიში დეზინფორმაცია” ვრცელდება

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რუსული პრესის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მიერ რუსეთში დაგეგმილი მოსალოდნელი ტერორისტული აქტების შესახებ არის ძალიან სახიფათო დეზინფორმაცია და პროვოკაცია.

რუსული გაზეთი ”იზვესტია” წერდა 16 ოქტომბერს, რომ მოსკოვის მილიციის ყველა განყოფილებას დაეგზავნა შეტყობინებები, რომელიც შეიცავდა გაფრთხილებას რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ საფრთხესთან დაკავშირებით. 

”საქართველოს სპეცსამსახურები გეგმავენ მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და სოჭში საცხოვრებელი სახლების აფეთქებას,” – ახდენს გაზეთი შეტყობინების ციტირებას. ”ამ ტერორისტულ აქტებს განახორციელებენ აფხაზეთიდან ლტოლვილები, რომლებიც ამ ქალაქებში ცხოვრობენ. ასაფეთქებელ ნივთიერებებს ადგილზე 2008 წლის ოქტომბერში შემოიტანენ”.

დავით ბაქრაძემ ამ ინფორმაციას ”სისულელე” უწოდა, თუმცა დასძინა, რომ ამგვარ დეზინფორმაციას ”ძალიან საშიში” კონტექსტი აქვს და იქვე გაიხსენა, რომ მეორე ომი ჩეჩნეთში დაიწყო აფეთქებების სერიის შემდეგ მოსკოვში, ბუინაკსკში და ვოლგოდონსკში 1999 წლის სექტემბერში.

მოსკოვის მილიციის განყოფილების უფროსმა ვლადიმერ პრონინმა უარი თქვა ინფორმაციის კომენტირებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button