ახალი ამბები

რუსებმა მიატოვეს ჟენევის მოლაპარაკებები – სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსულმა დელეგაციამ მიატოვა ჟენევის მოლაპარაკებები, ”მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იყო ძალიან კონსტრუქციული”.

”მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა შანსი სერიოზული მოლაპარაკებები წარმოების ევროკავშირის და აშშ-ის შუამავლობით, რუსებმა მიატოვეს მოლაპარაკებები და გავიდნენ,”- განუცხადა მან ბრიუსელში ჟურნალისტებს.

”ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რა ხალხთან გვაქვს საქმე, რა დონის დიპლომატიასთან გვაქვს საქმე,”- განაგრძო მან, ”და თუ ვინმეს რამე ილუზიები ჰქონდა კიდევ რომ ამ პირობებში შეიძლება რაღაცის მიღწევა, მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამ ხალხს მოუწევს დასვენება”.

მისი თქმით, რუსეთის მხარის მოსალოდნელ ქცევასთან დაკავშირებით მისი ”ეჭვები გამართლდა”.  სააკაშვილის განცხადებით, ეს ქცევა იყო ზუსტად ისეთი, ”როგორც საბჭოთა კავშირი იქცეოდა ცივი ომის ყველაზე მძიმე და ყველაზე ცუდ წლებში”.

”ეს არის ძალიან სამწუხარო,”- აღნიშნა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო არ შეაჩერებს ბრძოლას ”დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის”.

”ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ მეგობრებთან, ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრულ ბრძოლას საქართველოს დეოკუპაციისთვის, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბოლო რუსი ჯარისკაცის გაყვანისთვის,”- განაცხადა მან.

ამჟამად პრეზიდენტი სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button