ახალი ამბები

ბუდაპეშტში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 10 ოქტომბერს გაიმართა მინისტრების დონეზე, სადაც განხილული იქნა კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრაში საქართველოსთვის ალიანსის დახმარების საკითხი.

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა თავიანთ ქართველ კოლეგასთან დავით კეზერაშვილთან განიხილეს დახმარების კოორდინაცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საქმეში, უსაფრთხოების სფეროს რეფორმირება და საჰაერო სივრცის მართვა, განაცხადა ნატომ პრეს-რელიზში.

ნატო-საქართველოს კომისია 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა ჩრდილოეთ-ატლანტიკური საბჭოს თბილისში ვიზიტის დროს.  

იმავდროულად, კეზერაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში ნატოს მინისტერიალზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი დადებითად გადაწყდება.

”ჩვენ ვთვლით, რომ ეს საკითხი გადაწყდება აბსოლუტურად ჩვენს სასარგებლოდ და საქართველო მიიღებს MAP-ს,”- განუცხადა ჟურნალისტებს დავით კეზერაშვილმა. 

ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მიცემა ჯერ ადრეა. ანალოგიური პოზიცია ეკავა გერმანიას აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტის დროს.  

 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button