ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ზოგიერთი დეტალი ცნობილი გახდა

ჟენევის მოლაპარაკებები, რომელსაც ევროკავშირი, გაერო და ეუთო უმასპინძლებენ, 15 ოქტომბერს გაიხსნება შეხვედრით აშშ-ს, საქართველოს და რუსეთს შორის, იტყობინება Deutsche Presse-Agentur (DPA) 10 ოქტომბერს  ევროკავშირის უცნობ წყაროზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციით, შემდგომ მოლაპარაკებებს ორი სამუშაო ჯგუფი განაგრძობს.

ამ ჯგუფებში ასევე შევლენ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები.

თუმცა, რეგიონების აღიარების რაიმე ნიშნების თავიდან ასაცილებლად, ეს სამუშაო ჯგუფები არაფორმალურად შეიკრიბებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეთა იდენტიფიცირება მოხდება მხოლოდ მათი სახელებით და არა იმ სუბიექტებით, რომელთაც ისინი წარმოადგენენ, განაცხადა დიპლომატმა ევროკავშირიდან. მან ასევე დასძინა, რომ პირველი სხდომის შემდეგ სამუშაო ჯგუფები სულ ცოტა ორ კვირაში ერთხელ მაინც შეიკრიბებიან.

დიპლომატმა მიანიშნა, რომ ამ შეკრებებს მოლაპარაკებების მასპინძლებიც დაესწრებიან, ”რათა დაეხმარონ და არა უკარნახონ” პროცესს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად მონაწილეებს შეეძლებათ დააყენონ თვითგამოცხადებული რეგიონების სტატუსის მნიშვნელოვანი საკითხი.

მასპინძლების მიზანია იყვნენ ”პრაგმატულები” და დიალოგი აწარმოონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უსაფრთხოება და დევნილები, დასძინა დიპლომატმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button