
თბილისში აცხადებენ, რომ რუსეთს ვალდებულებები სრულად არ შეუსრულებია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ის, რომ რუსეთმა გაიყვანა ძალები კონფლიქტურის რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებიდან, არ ნიშნავს, რომ რუსეთმა თავის ვალდებულებები სრულად შეასრულა.
”სარკოზის ექვს-პუნქტიანი დოკუმენტი უპირობოდ ითვალისწინებს 7 აგვისტოს სტატუს კვოს მდგომარეობაზე დაბრუნებას,”- განუცხადა ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებს, ”7 აგვისტო ნიშნავს რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანას კონფლიქტის ზონებიდან – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, ნიშნავს რუსული და სეპარატისტული ძალების არ არსებობას კოდორსა და ახალგორში და ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს მთელი დამატებითი შეიარაღება მთელი საქართველოს ტერიტორიიდან”.
ბაქრაძის თქმით, ამ საკითხებს საქართველოს ხელისუფლება განიხილავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარ კუშნერთან, რომელიც 9-10 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ადგილზე შეისწავლის რუსული ძალების გასვლის შედეგებს.
რუსეთმა თავისი ძირითადი ძალები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს გაიყვანა, თუმცა რუსული ბლოკ-საგუშაგოები კვლავ რჩება ახალგორის რაიონსა და ასევე საჩხერის რაიონის სოფელ პერევში – სოფელში, რომელიც ადმინისტრაციულად ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)