ახალი ამბები

სარკოზი: თბილისის თავდასხმა შეცდომა იყო, რუსეთის პასუხი – არაპროპორციული

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს თავდასხმა ცხინვალზე ”შეცდომა” იყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსეთის პასუხი თბილისის ქმედებაზე ”არაპროპორციული” იყო. სარკოზიმ ასევე გააკრიტიკა რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივად აღიარების გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია მიესალმა რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარების დაგმობას, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს ქმედების ”შეცდომად” შეფასება ”არასწორია”.

”ამგვარი ფორმულირება, რომ ეს შეცდომა იყო – არა აქვს მნიშვნელობა ვისი – არასწორია და ნებისმიერ გამოძიებას შეუძლია ამის დამტკიცება,” – განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ საქართველოს აგვისტოს დასაწყისში შექმნილ სიტუაციაში სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა.

ქართული მხარის განცხადებით, იგი თავს იცავდა რუსული ძალების შემოჭრისგან, რასაც, თბილისის მტკიცებით, თვითგამოცხადებულ რეგიონში სამხედრო ქმედებების დაწყებამდე სულ ცოტა 20 საათით ადრე ჰქონდა ადგილი.    

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button