ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი იქნება – სარკოზი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ 15 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი იქნება.

”წარმატების მისაღწევად საჭიროა, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს ყველა მხარე და ასევე პატივი ეცეს ყველა მხარის პოზიციას,” – იტყობინება AFP სარკოზის სიტყვებზე დაყრდნობით. საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ევიანის საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის წინ.

რუსეთი დაჟინებით მოითხოვს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში, რასაც თბილისი ეწინააღმდეგება.

AFP-ი ასევე იტყობინება უცნობი ევროპელი დიპლომატის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს კრიზისის საკითხებში, პიერ მორელი მუშაობს იმაზე, თუ რა გზით შეიძლება ორი თვითგამოცხადებული რეგიონის წარმომადგენლების ჩართვა მოლაპარაკებებში.

”ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალო დეტალი,” – განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ არსებობს გზები იმისათვის, რომ ”ისინი იქ იყვნენ, თუმცა არ მიუსხდნენ მაგიდას”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button