skip to content
ახალი ამბები

გაეროს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი სოხუმს ეწვია

გაეროს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში იოჰან ვერბეკე 5 ოქტომბერს სოხუმში სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა.

იოჰან ვერბეკემ ცოტა ხნის წინ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ჟან არნო შეცვალა.

”აფსნიპრესის” ცნობით, აფხაზურმა მხარემ გაეროს უშიშროების საბჭოში 15 ოქტომბერს დაგეგმილი განხილვის წინ, სადაც გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის 6 თვით გაგრძელების საკითხი უნდა გადაწყდეს, ამ მისიის სახელწოდების და სტრუქტურის შეცვლა მოითხოვა იმ ”ახალი რეალიების” გათვალისწინებით, რაც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას უკავშირდება. 

”თუ გაეროს მისიას კვლავაც ერქმევა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში, მაშინ მან დაკვირვება საქართველოში აწარმოოს,”- განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა ალხაზ ჩოლოქუამ.

სოხუმში გამგზავრებამდე იოჰან ვერბეკემ გაცნობითი შეხვედრები გამართა თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებთან. ამ შეხვედრებზე 15 ოქტომბერს ჟენევაში საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ღონისძიებებზე დაგეგმილ მოლაპარაკებებსა და გაეროს სადამკვირვებლო მისიის გაფართოების საკითხებს დაეთმო ძირითადი ყურადღება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button