პუტინი უკრაინას საქართველოს გამო უტევს
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის მიმდინარეობისას შესაძლოა საქართველოს იარაღს აწვდიდა, რაც ”დანაშაულებრივი” ქმედებაა.
”ტექნიკა შეიძლება მიწოდებული ყოფილიყო საბრძოლო მოქმედებების დროს და ის იმართებოდა უკრაინელი სპეციალისტების მიერ,”- განაცხადა პუტინმა 2 ოქტომბერს, ”ეს თუ დადასტურდება, ამას მე დავარქმევდი დანაშაულს, რადგან ეს ნიშნავს პირდაპირ ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში, უკრაინელი და რუსი ხალხის გადამტერებას. ეს უბრალოდ პოლიტიკანობა და უპასუხისმგებლობაა”.
ეს განცხადება პუტინმა თავის უკრაინელ კოლეგასთან იულია ტიმოშენკოსთან მოსკოვში გამართულ შეხვედრისას გააკეთა. ტიმოშენკოს ქართულ-რუსული კონფლიქტის შემდეგ საკმაოდ დაეძაბა ურთიერთობები უკრაინის პროდასავლურ პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსთან.
პუტინის განცხადების საპასუხოდ მან ხაზი გაუსვა, რომ იარაღით ვაჭრობაზე კონტროლის ყველა ბერკეტი მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის და უშიშროების საბჭოს ხელშია. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ასეთ სერიოზულ ფაქტებზე, მხოლოდ მათი დამტკიცების შემდეგ შეიძლება საუბარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)