ახალი ამბები

სოლანა ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ საქართველოში ვიზიტის ბოლო შეხვედრა ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებთან გამართა.

შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ესწრებოდნენ კონსერვატორები, ლეიბორისტები, რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატიული განვითარების ფონდისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლიდერები.

ერთობლივ შეხვედრაზე დასწრება არ ისურვა და მოგვიანებით ხანმოკლე საუბარი გამართა ხავიერ სოლანასთან საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა. მან ამ ჟესტის მიზეზად დაასახელა ის, რომ არ სურდა ხელისუფლების ”სატელიტ” ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მან ევროკომისარს აცნობა, რომ 15 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ერთი ჯგუფი აპირებს ”პოლიტიკური პროცესების გეგმის” პრეზენტაციას.

”ამ გეგმის კულმინაცია უნდა იყოს არჩევნები გაზაფხულზე,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ მიღწეულია შეთანხმება ამ გეგმის ბრიუსელში წარდგენის თაობაზეც.

კახა კუკავამ კონსერვატორებიდან განაცხადა, რომ საუბარი იყო იმ შესაძლო ფორმატებზე, თუ რა ტიპის მონაწილეობა შეუძლია ევროკავშირს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობაში. 

”ძალიან მნიშვნელოვანი რაც ითქვა ბატონი სოლანას მხრიდან არის ის, რომ მზადაა ამ საკითხზე ოპოზიციასთან დიალოგი გაგრძელდეს,”- განუცხადა კუკავამ ჟურნალისტებს.

დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ”ძალიან კრიტიკულ” ვითარებას.

”იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს ნორმალურად, აუცილებელია გაკეთდეს ანალიზი განვლილი პერიოდის და ნებისმიერი შეცდომისგან ქვეყანა იყოს დაზღვეული,”- აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button