ახალი ამბები

პრეზიდენტი სააკაშვილი სომხეთთან საზღვრის გამარტივებაზე საუბრობს

საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის პროცედურები ”უკიდურესად” უნდა გამარტივდეს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს თბილისში თავის სომეხ კოლეგასთან სერჟ სარქისიანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

”მიმაჩნია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარი უნდა იყოს იგივე, რაც მაგალითად, შვეიცარიის და გერმანიის საზღვარი,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ადამიანს უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს რაიმე სახის ფორმალობის გავლა [საზღვარზე] და მაშინ, როცა დასჭირდება, ის უნდა იყოს ძალიან გამარტივებული”.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციაზე მუშაობა მთავრდება და ”პრაქტიკულად, აქ გადაუწყვეტელი საკითხები აღარ არსებობს”.

მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება კონსორციუმის შექმნის თაობაზე, რომელიც მოიზიდავს თანხებს მაღალმთიანი აჭარის გოდერძის უღელტეხილით თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის მიზნით.

მისი თქმით, ეს გზა, რომლის მშენებლობას ”რამდენიმე წელი” დასჭირდება, ორჯერ შეამცირებს მგზავრობას შავი ზღვისპირეთისკენ.  

”ეს პროექტები შეცვლის მთლიანად ორი ქვეყნის ეკონომიკურ გეოგრაფიას,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მადლიერია სომხეთის პოზიციის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ”ურყევ” მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

”ასეთ საკითხებში ერთიანობა, დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მთავრობებისთვის, არამედ სამუდამოდ დარჩება ასევე ჩვენი ხალხის მახსოვრობაში,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა ნათლად წარმოაჩინა რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც ”ზარალდება ყველა პრობლემებისგან და კონფლიქტებისგან და მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ ჩქარა და არ გადავდოთ მომავალი თაობებისთვის”.

”მე დარწმუნებული ვარ, რომ კავკასიის მომავალი არის ერთიანი ბაზრის შექმნაში, ერთიანი ადამიანური, კულტურული, ეკონომიკური სფეროს შექმნაში… მჭიდრო თანამშრომლობაში რეგიონის სხვა ქვეყნებთან,”- დასძინა მან.

სერჟ სარქისიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის.

”არსებული პრობლემები არ შეიძლება მოგვარდეს სამხედრო ინტერვენციის გზით,”- განაცხადა მან პრესკონფერენციაზე საუბრისას, ”ჩვენ ყველას გვესმის, რომ კავკასია პატარა რეგიონია, თუმცა საკმაოდ მგძნობიარე, რადგან ინტერესების გადაკვეთის ადგილია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ ამ ინტერესების ჩვენი ხალხების სასარგებლოდ გამოყენება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button