skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენის აპარატთან საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფი იქმნება

დღეს სახალხო დამცველის ოფისში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზებზე ორსაათიანი მსჯელობის შედეგად საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები სპეციალური ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

”ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიების, საზოგადოების წარმომადგენლები და იფიქრებს და მოამზადებს გეგმას, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის  გადასარჩენად,”- განუცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

ეს ჯგუფი პირველ შეხვედრას 10 ოქტომბერს გამართავს.

სახალხო დამცველის ოფისში გამართულ შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ოპოზიციური პარტიებიდან ესწრებოდნენ რესპუბლიკელების, ახალი მემარჯვენეების, საქართველოს გზის, კონსერვატორების, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ტრადიციონალისტების წარმომადგენლები და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე.

შეხვედრის მთავარი თემა იყო სახალხო დამცველის სოზარ სუბარის 25 სექტემბრის განცხადებაში წამოწეული თემები. ამ განცხადებაში სუბარმა მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლების მმართველობა და ”ავტორიტარიზმის” დემოკრატიული ინსტიტუტებით შეცვლისაკენ მოუწოდა.

მის ამ განცხადებას დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი.

”დღეს როდესაც ქვეყანა დგას კატასტროფის წინაშე და კიდევ უარესს ველოდებით… მოვალენი ვართ, რომ ყველანი ერთად შევიკრიბეთ და ყველამ ერთად გავაკეთოთ განაცხადი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად,”- განაცხადა სუბარმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button