
ევროკავშირის დამკვირვებელთა უმეტესობა ამ კვირაში ჩამოვა
ევროკავშირის დამკვირვებელთა უმეტესობის ჩამოსვლა საქართველოში მონიტორინგის მისიის ფარგლებში მიმდინარე კვირას იგეგმება, განუცხადა Civil.Ge-ს ევროკავშირის დიპლოტიურმა წყარომ 22 სექტემბერს.
საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი უკვე ჩამოვიდა თბილისში. მას თან ახლავს მისიის რამოდენიმე წევრი, რომლებიც რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების 8 სექტემბერის შეთანხმების შესაბამისად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე სულ ცოტა 200 დამკვირვებლის განთავსებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებენ.
გერმანელი დიპლომატი ჰანსიორგ ჰაბერი 22 სექტემბერს საქართველის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია მისი შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან ლადო გურგენიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან.
საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) შტაბბინით თბილისში თავდაპირველი 12-თვიანი ხანგრძლივობით დააარსდა, ხოლო მისი ბიუჯეტი 31 მილიონ ევროს შეადგენს. მისიას ასევე ექნება საველე ოფისები. ამჟამად ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ საველე ოფისების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა.
EUMM-ის მთავარი ამოცანაა იქნება ”დაკვირვება, ანალიზი და ანგარიშების მომზადება” ადგილზე შექმნილი სიტუაციის ექვს-პუნქტიან შეთანხმებასთან შესაბამისობის თაობაზე; ასევე თავისუფალ მიმოსვლასა და ამ პროცესების ”ხელის შემშლელთა” ქმედებებზე.
ამ მისიის მიზანია ასევე მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებებს; სამოქალაქო მმართველობას; კანონის უზენაესობას; სამართალდამცავ სტრუქტურებს; სატრანსპორტო კომუნიკაციების უსაფრთხოებას; ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და დევნილების დაბრუნების პოლიტიკურ და უსაფრთხოების ასპექტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)