აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სროლებს პოლიციელი ემსხვერპლა
21 სექტემბერს ერთი ქართველი პოლიციელი ემსხვერპლა და სამი დაიჭრა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში მდებარე პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმას.
”დაახლოებით 19:00 საათზე, რუსული ბლოკ-პოსტის მიმართულებიდან ცეცხლი გაუხსნეს სოფელ ხურჩის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ პოლიციის საგუშაგოს, – იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ”ადგილზე გარდაიცვალა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ლეიტენანტი რამაზ კიტია”.
შსს-ს ცნობით, სამი პოლიციელიდან ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გახსნილ ცეცხლს საპასუხო სროლები მოჰყვა, რამაც რამოდენიმე წუთს გასტანა.
თუმცა აფხაზური მხარე უარყოფს შემთხვევასთან რაიმე კავშირს. ”არანაირი დაცხრილვა არ ყოფილა,”- განუცხადა ”ინტერფაქსს” გალის რაიონში აფხაზეთის ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ, თუმცა მან ასევე აღნიშნა: ”სოფელ ხურჩას მოპირდაპირედ განთავსებულია აფხაზი მესაზღვრეებისა და ასევე რუსი სამშვიდობოების პოსტი. ამ პოსტებზე ესმოდათ სროლები სოფლიდან, მაგრამ ძნელი სათქმელია იქ რა ხდებოდა”.
ანალოგიურ ინციდენტს ადგილი ჰქონდა ზუგდიდის რაიონის კიდევ ერთ სოფელში – განმუხურში, როდესაც 13 სექტემბერს ”აფხაზი სეპარატისტების” მხრიდან სროლებს შეეწირა ქართველი პოლიციელი. მანამდე კი შიდა ქართლში, კარალეთის რუსულ სამხედრო ბლოკ-პოსტთან ახლოს 10 სექტემბერს კიდევ ერთი პოლიციელი მოკლეს.
ამ შემთხვევებზე დაყრდნობით შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ სამინისტრო სპეცდანიშნულების რაზმებით გააძლიერებდა აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარს. მან ასევე მოუწოდა პოლიციელებს ”მაქსიმალური სიფრთხილისკენ”.
”მე მივეცი სპეციალური განკარგულება ჩვენს დანაყოფებს, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მოიქცნენ, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი მსხვერპლი, როგორიც ჩვენ გვქონდა, სამწუხაროდ, კარალეთსა და განმუხურში,”- განუცხადა ჟურნალისტებს მერაბიშვილმა 13 სექტემბერს, ”ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ არ იყოს მსხვერპლი ჩვენს შორის, ჩვენი საზღვრები და ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი უსაფრთხოება იყოს დაცული”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)