
რაისი: რუსეთმა თავდასხმა თვეების წინ დაგეგმა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოში ”წინასწარ დაგეგმილ შეჭრას” საფუძველი რამდენიმე თვის წინ ჩაუყარა, თუმცა იქვე დასძინა, რომ თბილისს შეეძლო ”უკეთესი პასუხის გაცემა” აგვისტოს მოვლენებზე.
ვაშინგტონში მარშალის ფონდში გამოსვლისას რაისმა განაცხადა, რომ 7 აგვისტოს ”სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მორიგი დარღვევის, მათ შორის ქართული სოფლების დაბომბვის შემდეგ,” საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ”სამხედრო ოპერაცია ცხინვალში და სეპარატისტული რეგიონის სხვა ტერიტორიებზე”.
”სამწუხაროდ, რამოდენიმე რუსი სამშვიდობო დაიღუპა ბრძოლის დროს,” – განაცხადა მან. ”ეს მოვლენები შემაშფოთებელი იყო”.
”თუმცა, ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსეთის ხელმძღვანელობამ დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა – ფართომასშტაბიანი შეჭრა განახორციელა საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს დაატოვებინეს სახლები. რუსეთის ლიდერებმა განახორციელეს სამხედრო ოკუპაცია, რომელმაც საქართველოს სიღრმეში არსებული ტერიტორიებიც მოიცვა. და მათ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც საფრანგეთის და ევროკავშირის პრეზიდენტის სარკოზის მიერ მომზადდა”.
რაისის თქმით, ასევე ”ძალიან შემაშფოთებელია” რუსეთის სხვა ქმედებებიც კრიზისის დროს, კერძოდ:
”მისი პანიკური განცხადებები ქართული ძალების მიერ ”გენოციდის” განხორციელებასთან დაკავშირებით, მისი უსაფუძვლო განცხადებები კონფლიქტის დროს აშშ-ს ქმედებების შესახებ, მისი მცდელობები დაენაწევრებინა სუვერენული ქვეყანა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებით, მისი საუბრები ”პრივილიგირებული ინტერესების” შესახებ, როგორც ის ამბობს, მის დამოუკიდებელ სამეზობლოში, და მისი უარი შეეშვა საერთაშორისო დამკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მიუხედავად იქ არსებული ძალადობისა და შურისძიებისა უდანაშაულო ქართველების მიმართ”.
”რა თქმა უნდა, საქართველოს ლიდერებს შეეძლოთ უკეთესად ეპასუხათ სამხრეთ ოსეთში გასულ თვეს მომხდარი მოვლენებისათვის, და ამაზე თვალის დახუჭვა არავის არგებს. ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენ ქართველ მეგობრებს, რომ რუსეთი მათ ანკესზე წამოაგებდა და ამ ანკესზე წამოგება მხოლოდ მოსკოვს მისცემდა ხელს,” – განაცხადა რაისმა. ”მაგრამ რუსეთის ლიდერებმა ეს გამოიყენეს როგორც საბაბი, რათა დაეწყოთ ის, რაც როგორც ჩანს, იყო მისი დამოუკიდებელი მეზობლის დაპყრობის წინასწარ დაგეგმილი მცდელობა. რა თქმა უნდა, რუსეთის ლიდერებმა ამ სცენარს საფუძველი თვეების წინ ჩაუყარეს – რუსული პასპორტების საქართველოს სეპარატისტებს შორის გავრცელებით, მათი მებრძოლების წვრთნითა და შეიარაღებით, და შემდეგ საქართველოს საზღვრის გასწვრივ მიმდინარე კამპანიის თავდაცვითი საბაბით გამართლებით”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკა და ევროპა ერთად უნდა დადგნენ, რათა ”არ მისცენ რუსულ აგრესიას საშუალება მიიღოს რაიმე სარგებელი. არც საქართველოში – და არც არსად”.
”შეერთებული შტატები და ევროპა აგრძელებენ რუსეთის მეზობლების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დახმარებას – არაორაზროვნად. ჩვენ შევეწინააღმდეგებით რუსეთის ნებისმიერ მცდელობას მოაქციოს სუვერენული ერები და თავისუფალი ხალხები რაღაც დრომოჭმულ ”გავლენის სფეროში,” – განაცხადა რაისმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)