
მოსკოვი ადასტურებს სეპარატისტულ რეგიონებში სამხედრო ბაზების განთავსების გეგმებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 სექტემბერს დაადასტურა გეგმები რუსული ძალების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანის თაობაზე მას შემდეგ, რაც იქ ევროკავშირის დამკვირვებლები განთავსდებიან, თუმცა მოსკოვი არ აპირებს სეპარატისტული რეგიონების დატოვებას და იქ სამხედრო ბაზების აშენებას გეგმავს.
”რაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შიგნით ხდება სამშვიდობო საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რუსეთის მიერ ამ ორი რესპუბლიკის აღიარების შემდეგ იქ იქმნება სამხედრო ბაზები, ხდება რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტიგენტების განთავსება ამ ორი სუვერენული სახელმწიფოს კანონიერად არჩეულ ხელისუფალთა პირდაპირი თხოვნის საფუძველზე,”- იუწყება ”ინტერფაქსი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ მას გააჩნია ინფორმაცია, რომ უცხოელი პარტნიორები ”დივერსიულ-ტერორისტული” ჯგუფების მომზადებაში საქართველოს დახმარებას გეგმავენ სეპარატისტული რეგიონების დაბრუნების მიზნით.
”ზუსტად ამაზე მიუთითებს თბილისის რევანშისტული რიტორიკა და საუბრები საქართველოს რემილიტარიზაციის თაობაზე და ასევე, ზოგიერთი ცნობით, ცალკეული უცხოური მფარველის მზადყოფნა მოამზადოს საქართველოში დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფები ბრძოლის გასაგრძელებლად კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით,”- განაცხადა მან.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობის აღიარება ”ყველასთვის და არა მარტო ჩვენთვის, არის რეალური გამოსავალი სიტუაციიდან, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩებოდა რეგიონის დესტაბილიზაციის წყარო დიდი ხნით”.
ლავროვმა, იმავდროულად, ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი საკითხის გადაწყვეტა არ გახდება პრეცედენტი დნესტრისპირეთისა და მთლიანი ყარაბაღის კონფლიქტებისთვის.
რუსეთის პირველმა დიპლომატმა ასევე მოუწოდა დასავლეთს გაერკვეს თავის ურთიერთობებში საქართველოს ხელისუფლებასთან.
”სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დასავლეთში უკვე იწყებენ იმაზე დაფიქრებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი არანაირად არ შეესაბამება დემოკრატიის სტანდარტებს, ბოლოს და ბოლოს დემოკრატიები არ იწყებენ აგრესიულ ომებს,”- განაცხადა მან, ”ჩვენმა დასავლელმა პარტიორებმა უნდა აირჩიონ: ან დარჩნენ მათთან, ვინც ხოცავდა რუსეთის მოქალაქეებს, ან უარი უთხრან მას უპირობო მხარდაჭერაზე”.
იმავდროულად, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა 17 სექტემბერს გააკრიტიკა რუსეთი საქართველოს დანაწევრების მცდელობის გამო.
სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსმა ასევე აღიარა, რომ საქართველოს მხრიდან ”სერიოზული გაუთვლელობა” იყო აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზი.
”კონფლიქტის მიზეზები – უთანხმოება საქართველოსა და მის რეგიონებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის – ყველა მხარის შეცდომებისა და გაუთვლელობის კომპლექსია,”- განაცხადა მან, ”თუმცა მთავარი ფაქტები ნათელია: რუსეთის მხრიდან გაძლიერებულმა ზეწოლამ და პროვოკაციებმა საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს მიერ არასწორმა გათვლებმა გამოიწვია არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტი, არამედ რუსეთის მიმდინარე მცდელობა დაანაწევროს საქართველო”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)