ახალი ამბები

რუსეთი სამხრეთ ოსეთში ეუთოს დამატებითი დამკვირვებლების წინააღმდეგ გამოდის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი სამხრეთ ოსეთის შიგნით ეუთოს დამატებითი დამკვირვებლების განთავსების წინააღმდეგია.

მან ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის ”სააკაშვილის რეჟიმის” მხარდამჭერები დაადანაშაულა ეუთოს 80 უიარაღო დამკვირვებლის ადგილზე განთავსების პირობების შესახებ მოლაპარაკებების შეფერხებაში.  

მაშინ როცა რუსეთი მოითხოვს მათ განთავსებას ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, თბილისი და მისი დასავლელი მოკავშირეები მოითხოვენ ეუთოს დამკვირვებლებისთვის ისეთი მანდატის მინიჭებას, რომელიც საშუალებას მისცემს მათ სამხრეთ ოსეთის შიგნითაც გააკონტროლონ სიტუაცია. 

18 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საბჭოში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ თბილისის და მისი მოკავშირეების დაჟინებული მოთხოვნა ეუთოს დამკვირვებლების რეგიონის შიგნით განთავსების თაობაზე არის ”საღი აზრის დაცინვა” და მცდელობა გადაიხედოს 8 სექტემბერს რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ მოსკოვში მიღწეული შეთანხმება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი”.

ამ შეთანხმების თანახმად, ეუთოს დამკვირვებლები შეძლებენ მონიტორინგის აღდგენას თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც მათ ომამდე ჰქონდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ არაუმეტეს რვა უიარაღო დამკვირვებლისა შეძლებს სიტუაციის გაკონტროლებას ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსში.

თუმცა, შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს მანდატი უნდა აღდგეს ”ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ შესაძლო სამომავლო კორექტივების გათვალისწინებით”.

8 სექტემბრის შეთანხმების ხელმოწერამდე, რუსეთმა თანხმობა განაცხადა საქართველოში 100 დამატებითი დამკვირვებლის გამოგზავნის თაობაზე იმ პირობებში, როცა ეუთო გადაწყვეტილებებს კონსენსუსის წესით იღებს. ეს გადაწყვეტილება ითვალისწინებდა 20 დამკვირვებლის განთავსებას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და დანარჩენი 80 დამკვირვებლის განთავსების პირობების თაობაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას. 20 დამკვირვებელს, და უკვე მომუშავე 8 დამკვირვებელს, შეეძლოთ სამხრეთ ოსეთის გარეთ რუსების მიერ ოკუპირებულ ზოგიერთ ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელება.  

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეუთოს დამატებითი დამკვირვებლების საქართველოში განთავსების მიზანია ”საქართველოს ხელახალი შეტევის აღკვეთა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე”.

მცდელობები შემოუშვა ”მეტი საერთაშორისო ბიუროკრატი სამხრეთ ოსეთში,” – განაგრძო მან, ”და შემდეგ განაცხადო, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა, არის იდეოლოგიური თამაშების ტოლფასი, რესპუბლიკების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სამხრეთ ოსეთის რეკონსტრუციის ნამდვილი მიზნების ხარჯზე”.

ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ცხინვალში ეუთოს ოფისის სარდაფში აღმოაჩინეს პროკლამაციები მოწოდებებით სამხრეთ ოსეთის კანონიერად არჩეულად ხელმძღვანელობის ჩამოგდების შესახებ.

სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ეუთოს მისიის ცხინვალის ოფისი მოიხსენიება, როგორც ”ეუთოს მისიის ყოფილი შენობა”.  

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოფისის ჩხრეკა ჩატარდა იმ აუფეთქებული მოწყობილობების მოძებნის მიზნით, რომლებიც შესაძლოა დაბომბვის შედეგად დარჩენილიყო.

ეუთოს მისიამ ცხინვალის ოფისი 8 აგვისტოს დატოვა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button