ახალი ამბები

ლავროვი სოხუმს ეწვია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი სოხუმში 14 სექტემბერს ჩავიდა.

”რუსთავი 2”-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტმა, რომელიც ლავროვის თანმხლები ჟურნალისტების ჯგუფში იმყოფებოდა, 14 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბაბუშერას აეროპორტში დროშებით ხელში დახვდა აფხაზეთის მოსახლეობა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა, რომელმაც დაგმო რუსი კოლეგის ეს ნაბიჯი, განაცხადა, რომ ეს ვიზიტი წარმოადგენს მცდელობას, რომ აფხაზეთს გარკვეული სახელმწიფოებრიობის ნიშნები მიანიჭონ.

ლავროვის სოხუმში სტუმრობისას მთავარი განსახილველი თემა იყო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საკითხი.

”რია ნოვოსტის” თანახმად, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ სეპარატისტული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის სურვილია, რომ სოხუმმა და ცხინვალმა მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც 15 ოქტომბერს ჟენევაშია დაგეგმილი. 

აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ლავროვმა განაცხადა: ”ნებისმიერი დისკუსია, რომელიც ასე თუ ისე შეეხება კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენი ღრმა რწმენით, არ შეიძლება წარიმართოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის გარეშე. ეს ასევე ეხება გაეროსა და ეუთოში განხილვებს, რომელიც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების შემდგომ ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”.

სოხუმში ვიზიტის შემდეგ, ლავროვი ასევე გეგმავს ცხინვალში ჩასვლას.

8 სექტემბერს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმება მედვედევი-სარკოზის ექვს-პუნქტიან გეგმაზე დაყრდნობით, ითვალისწინებს საერთაშორისო დისკუსიების დაწყებას.  

შეთანხმების მიხედვით, ჟენევის მოლაპარაკებები შემდეგ საკითხებს მიეძღვნება:

 – რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს;

– ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა საკითხი,  საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრინციპებისა და პოსტ-კონფლიქტური დარეგულირების პრაქტიკის საფუძველზე;

– მხარეთა ერთობლივი თანხმობით დამატებით, ნებისმიერი სხვა საკითხი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button