
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს
სომხეთისთვის მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი ვითარების არსებობა, განაცხადა 12 სექტემბერს თბილისში ვიზიტით მყოფმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი.
”ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მცდელობა საქართველოში კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, შედეგს გამოიღებს,”- განაცხადა ნალბანდიანმა თავის ქართველ კოლეგასთან ეკა ტყეშელაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ”სომხეთის რესპუბლიკა მეზობელი ქვეყნის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში ერთერთი ყველაზე დაინტერესებული სახელმწიფოა, არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენი ექსპორტის დაახლოებით 70% საქართველოს ტერიტორიის გავლით გადის, არამედ იმ მიზეზითაც, რომ საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული ურთიერთობა აკავშირებთ”.
მან ასევე განაცხადა, რომ ერევანი სიფრთხილით ეკიდება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ლადო გურგენიძესთან.