ახალი ამბები

საქართველო რუსულ ვებ-გვერდებზე შეზღუდვებს ნაწილობრივ ხსნის

საქართველომ 9 სექტემბერს ნაწილობრივ მოხსნა შეზღუდვები .ru დომენის მქონე ვებგვერდებზე, თუმცა ზოგიერთ მათგანზე ეს შეზღუდვები კვლავ რჩება.

იმ რუსული ტელევიზიების ვებგვერდები, რომლებზეც საინფორმაციო გადაცემები გადის, ასევე რამდენიმე ძირითადი საინფორმაციო სააგენტო, მათ შორის ”ინტერფაქსი”, ”რია ნოვოსტი” და ”იტარ-ტასი” მიუწვდომელია. ასევე მიუწვდომელია რუსეთის რამდენიმე სამინისტროს, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ვებ-გვერდები.

იმავდროულად, ზოგიერთ ქართული საინფორმაციო ვებგვერდი კვლავ ჰაკერთა სამიზნე ხდება. 10 სექტემბერს www.apsny.ge-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ის ჰაკერთა სამიზნე გახდა.

.ru დომენის მქონე ვებ-გვერდების დაბლოკვა, რომელსაც საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რუსეთთან საინფორმაციო ომის ნაწილი უწოდეს, საკმარისად ეფექტური ვერ გამოდგა, რადგანაც ბევრი ინტერნეტ მომხმარებელი საქართველოში proxy სერვერების საშუალებითაც ახერხებდა რუსულ ვებ-გვერდებზე შესვლას.

იმავდროულად, რუსული ტელევიზიები, რომლებზეც საინფორმაციო გადაცემები გადის, კვლავ დაბლოკილია. ეს ტელევიზიები ადგილობრივმა საკაბელო ქსელებმა 8 აგვისტოს გათიშეს მას შემდეგ, რაც ამის თაობაზე განკარგულება საქართველოს ხელისუფლებამ გასცა. თუმცა, მათთვის, ვისაც სატელიტური ანტენები აქვთ, რუსული არხები ხელმისაწვდომი იყო. აღსანიშნავია, რომ მაყურებლის უმრავლესობა უფრო საკაბელო ტელევიზიებით სარგებლობს, ვიდრე სატელიტურ ანტენებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button