skip to content
ახალი ამბები

მმართველი პარტიის დეპუტატები მიესალმებიან ახალ შეთანხმებას

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადეს, რომ რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ 8 სექტემბერს ხელმოწერილი ახალი შეთანხმება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის.

დეპუტატმა ვახტანგ ბალავაძემ განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე: ”საქართველო ამ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვიდა.”

დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ მართალია არავის აქვს იმის ილუზია, რომ ამ შეთანხებით ”ყველაფერი მოგვარდა, აშკარაა, რომ ეს არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით”.

”არსებობს გაყვანის ვადები და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არის ევროკავშირის დამკვირვებლების განთავსება – ის, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა მანამდე, რომ ამის წინააღმდეგი იყო,” – განაცხადა გაბაშვილმა.

შემდეგ მან აღნიშნა, რომ საქართველოს შიგნით სოლიდარობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ”მნიშვნელოვანია თავი შევიკავოთ უაზრო პოპულიზმისგან და უბადრუკი არგუმენტებისგან,” – დასძინა მან.

დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ არავინ უნდა დააკნინოს ევროკავშირის როლის და მისი შუამავლობის მნიშვნელობა. მისი თქმით, მიღწეული შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯია. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველამ უნდა შეიკავოს თავი ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ჩრდილს მიაყენებს ევროკავშირის როლს, რათა თავიდან იქნას აცილებული ნიჰილისტური პოზიცია საზოგადოებაში.

დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობიდან გია ცაგარეიშვილმა იკითხა სხდომაზე, თუ სად შეიძლებოდა მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმების ტექსტის მოპოვება. ”ვფიქრობ, დეპუტატებს ექნებათ საშუალება გაეცნონ ამ ტექსტს,” – უპასუხა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.

ამ ეტაპზე მხოლოდ შეთანხმების მხოლოდ ის ტექსტია ხელმისაწვდომი, რომელიც პრეზიდენტმა მედვედევმა თავის ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button