
სააკაშვილი უნდა გადადგეს – გამყრელიძე
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადადგეს და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
”ამ ხელისუფლების პირობებში და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად და მთავარსარდლად დარჩენის შემთხვევაში, შეიძლება კიდევ მეტი პრობლემების და კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. შეიძლება ეს მდგომარეობა არ იყოს უკანასკნელი და მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით,”- განაცხადა აშშ-დან დაბრუნებულმა დავით გამყრელიძემ 9 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
”ჩვენ უნდა განვსაზღვროთ საქართველოს მოქალაქეებმა რა უფრო პრიორიტეტულია – ქვეყანა თუ მიხეილ სააკაშვილი,”- განაგრძო მან, ”აი ასე დგას საკითხი და მოდით ნურავის ნუ გადავაყოლებთ ჩვენს სამშობლოს”.
ახალი მემარჯვენეების შეფასებით, ქვეყანა აღმოჩნდა ჩათრეული ავანტიურაში, რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის 1/3 ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ”დაკარგულია უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა”.
”ეს იყო ის ხაფანგი, რომელიც საქართველოსთვის იყო დაგებული და რომლის შესახებაც ხელისუფლებას აფრთხილებდა აშშ, ევროპა, პოლიტიკური ოპოზიცია,”- აცხადებენ მემარჯვენეები.
”მაგრამ მიუხედავად ამ გაფრთხილებებისა, სააკაშვილმა ერთპიროვნულად მიიღო უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება ცხინვალის დაბობვისა და აღების შესახებ, რამაც კატასრტოფული შედეგი გამოიღო”.
”გამომდინარე აქედან, მიხეილ სააკაშვილს აღარ აქვს არც პოლიტიკური და არც მორალური უფლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი. იგი უნდა გადადგეს,”- აცხადებენ მემარჯვენეები.
მათი შეფასებით, აგვისტოს მოვლენების მიზეზთა შორის იყო რუსეთის იმპერიული პოლიტიკა და საქართველოს ევროატლანტკური მისწრაფება; საქართველოზე გამავალ ენერგო-დერეფანზე რუსული კონტროლის დამყარების სურვილი და ასევე ”საქართველოს ხელისუფლების გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო, ემოციური” პოლიტიკა.
”რისთვის დაიწყო ომი: არათუ ვერ აღვადგინეთ კონტროლი ცხინვალსა და ცხინვალის რეგიონზე, არამედ სრულიად დავკარგეთ დიდი და პატარა ლიახვის, ქსნის, ფრონეს ხეობები, ახალგორი, დავკარგეთ კონტროლი კოდორის ხეობაზე და ენგურის სანაპირო ზოლზე,”- აცხადებენ ახალი მემარჯვენეები, ”ეს ის ტერიტორიებია, რომელთაც მთელი ამ უმძიმესი წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა გმირულად იცავდა საკუთარი სიცოცხლის ფასად”.
ამ განცხადებებით ახალმა მემარჯვენეებმა დაარღვიეს ხელისუფლების კრიტიკაზე დაწესებული მორატორიუმი, რომელიც მათ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დროიდან გამოაცხადეს. პარტია წინასწარ აღნიშნავს, რომ ამ განცხადების შემდეგ ხელისუფლება მათ ”რუსეთის აგენტებად” გამოაცხადებს.
ხელისუფლების შეცვლის შესახებ პირველი განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 8 სექტემბერს გააკეთა. მან სააკაშვილის მთვარობას მოუწოდა თავად თქვას ხელისუფლებაზე უარი.
This post is also available in: English