ახალი ამბები

ჩეინი ადასტურებს აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ დაარწმუნა პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონის ურყევ მხარდაჭერაში რუსული ინტერვენციისა და უკანონო, ცალმხრივი მცდელობების ფონზე ძალით შეცვალოს საქართველოს საზღვრები.

მისი თქმით, ეს მცდელობები ”უნივერსალურად იქნა დაგმობილი თავისუფალი მსოფლიოს მიერ”. ”რუსეთის ქმედებებმა დიდი ეჭვები გამოიწვია რუსეთის გეგმებსა და იმაზე, თუ რამდენად შეიძლება მასზე დაყრდნობა, როგორც საერთაშორისო პარტნიორზე,”- განაცხადა ჩეინიმ.

განცხადებაში, რომელიც მან პრეზიდენტ სააკაშვილთან 4 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ პრესისთვის წაიკითხა, ჩეინიმ რამდენიმეჯერ ახსენა, რომ ვაშინგტონი  მყარად უჭერს მხარს პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ”დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას”.

”მე დღეს დავარწმუნე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ ამერიკა დაეხმარება საქართველოს აღმშენებლობაში და იმაში, რომ ხელახლა მოიპოვოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწაფად მზარდი ეკონომიკის პოზიცია,”- განაცხადა ჩეინიმ, ”მას და მის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას შეუძლია ჰქონდეს შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერისა და დახმარების გაგრძელების იმედი”.

შემდეგ მან კვლავ განაგრძო პრეზიდენტ სააკაშვილის ქება: ”ბატონო პრეზიდენტო თქვენ უშიშრად უპასუხეთ ტერიტორიის ოკუპაციას და მყარად დადექით თქვენს პრინციპებზე”.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქართული ჯარები ერაყში იმყოფებოდნენ, როცა თბილისმა ისინი რუსეთთან კონფლიქტის დაწყების გამო უკან გამოიხმო. ”ახლა თავისუფალი მსოფლიოს პასუხისმგებლობაა დადგეს საქართველოს მხარეს,”- დასძინა მან.

”ამერიკა შეასრულებს თავის მოვალეობას საქართველოს მთავრობასთან და სხვა მეგობრებთან და მოკავშირეებთან მუშაობით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო ინტერესები,”- განაცხადა მან.

ჩეინიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება საჭიროა ”რეგიონში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ ასევე ერთგული რჩება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართ.

”ამერიკა სრულად უჭერს მხარს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას საქართველოსთვის და მის წევრობას ალიანსში,”- განაცხადა ჩეინიმ.

”აშშ კმაყოფილია ახლახანს ნატო-საქართველოს კომისიის დაარსებით. როგორც ნატოს ამჟამინდელმა წევრებმა გამოაცხადეს ბუქარესტის სამიტზე, საქართველო იქნება ჩვენს ალიანსში. ნატო თავდაცვითი ალიანსია,”- განაცხადა მან.

თავის განცხადებაში ჩეინი ასევე შეეხო ”ცოცხალი ჯაჭვის” უზარმაზარ აქციას, რომელიც 1 სექტემბერს გაიმართა საქართველოში. მისი თქმით, ”ასი ათასზე მეტი” ადამიანი გამოვიდა ქუჩაში საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად; თუმცა ამ მომენტში მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტყვა გააწყვეტინა და რაოდენობა შეუსწორა: ”1.5 მილიონი ადამიანი”.

”ოჰ, ეს მართლაც გაცილებით მეტია, ვიდრე ასი ათასი,”- იყო ჩეინის რეპლიკა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button