ახალი ამბები

საქართველო არ შეწყვეტს წინააღმდეგობას – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეწყვეტს წინააღმდეგობას, ვიდრე ერთი რუსი ოკუპანტი მაინც დგას ფსოუს და როკის გვირაბის აქეთ.

”მე მინდა ვუთხრა 500 ათასამდე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს – ეს უსამართლობა ვერ გაიმარჯვებს, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენს სახლებში. მე მინდა ვუთხრა ცხინვალიდან გამოძევებულ ადამიანებს – უსამართლობა არ გაიმარჯვებს და აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, ჩვენ გავაძევებთ ბრუტალურ ძალას მთელ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენი ერთად დგომით, ჩვენი სიმშვიდით, ჩვენი დემოკრატიით, ჩვენი თავისუფლებით,”- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე ”ცოცხალი ჯაჭვის” აქციის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა. 

”დღეს, როცა საქართველოს, როგორც ადრე, მოადგა 21-ე საუკუნის ურდო, საქართველო დადგა როგორც ერთი, საქართველომ იბრძოლა, საქართველო გააგრძელებს ბრძოლას, საქართველო გაერთიანდა,”- განაცხადა მან, ”საქართველო არ არის მარტო, საქართველოსთან ერთად არის მთელი ცივილიზებული მსოფლიო”.

მისი თქმით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ერთიანობის დემონსტრირებისათვის საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე გამოვიდა დღეს ქუჩებში. სააკაშვილმა ასევე გამოაცხადა, რომ 1 სექტემბერი საქართველოს ერთიანობის დღე გახდება, რადგან ”საქართველო როგორც არასდროს დადგა ერთად”.

”მე მინდა ვუთხრა ევროპას: შეხედეთ ამ ხალხის ზღვას, შეხედეთ მილიონზე მეტ ქუჩაში გამოსულ ყველა ეთნიკური წარმომავლობის ჩვენ მოქალაქეებს – აი ეს არის დრო, როცა ევროპამ უნდა გამოგვიწოდოს ხელი,”- განაცხადა სააკაშვილმა მაშინ, როცა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები საქართველოს საკითხის განსახილველად საგანგებოდ იკრიბებოდნენ.  

”ჩვენ ვართ ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა რელიგიური ჯგუფის ერთიანობის და ერთად თანაცხოვრების ბრწყინვალე მაგალითი, ჩვენ ვართ კეთილმეზობლობის, მეზობლებთან კარგი ურთიერთობის, ძმობის და სიმშვიდის და მშვიდობის უნიკალური მაგალითი და როგორც არასდროს, ევროპის ბედი, მომავალი ცივილიზაციის ბედი და თავისუფლების ბედი წყდება თბილისში,”- აღნიშნა მან.  

მისი თქმით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ საქართველო მშვიდობიან წინააღმდეგობას გააგრძელებს.

”საქართველო არავის მტერი არაა და არც რუსი ხალხის მტერი არ არის,”- განაცხადა სააკაშვილმა, ” მაგრამ ჩვენ ვართ ყველა მტერი იმისი, ვინც გადმოვა ჩვენ საზღვარზე, ვინც დაგვიბომბავს ჩვენს ქალაქებს, ვინც შეეცდება მოგვისპოს ჩვენი თავისუფლება, ვინც ფეხქვეშ გათელავს ჩვენ ღირსებას… ჩვენ ამ ხალხს ყოველთვის გავუძალიანდებით”.

”ამ ბრუტალურმა ძალამ, რომელიც შემოვიდა საქართველოში, მან გადაწყვიტა, რომ საქართველოდან დაეწყო რუსული იმპერიალიზმის აღორძინება. მე მინდა თქვენი სახელით ვუთხრა მათ და დანარჩენ მსოფლიოს, არათუ ვერ გაიმარჯვებენ, საქართველოში მოხდება რუსული იმპერიალიზმის ერთხელ და სამუდამოდ დასამარება,”- აღნიშნა მან თავის გამოსვლაში.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბრძოლა კი არ დამთავრებულა, არამედ ახლა იწყება  ”იმისთვის, რომ გავერთიანდეთ და ავაშენოთ ახალი ქვეყანა”.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button